ვანიშვილების ოჯახის ხვედრი - 8 თვის ფეხმძიმე საკარანტინე სივრცეშია, მისი ქმარი კი ცხინვალში დარჩება

გამოქვეყნდა:

ხურვალელი მალხაზ ვანიშვილისა და მისი ფეხმძიმე ცოლის განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ ცხინვალმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თვითაღიარებულმა რეჟიმმა მალხაზ ვანიშვილი ცხინვალში დატოვა, მისი 8 თვის ფეხმძიმე ცოლი კი ოძისთან, ქართულ მხარეს გადასცა. თამთა ადიკაშვილი უკვე გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში. როგორც თავად ამბობს, მას მოგვიანებით ისევ მიეცემა საშუალება, მოქალაქეობა მოითხოვოს და, სავარაუდოდ, ქმართან ერთად ცხინვალში იცხოვრებს. გადაწყვეტილება წყვილმა მძიმე სოციალური პირობების გამო მიიღო. 

შეგახსენებთ, მალხაზ ვანიშვილი არაა პირველი, ვინც ცხინვალს მოქალაქეობის თხოვნით მიმართა. ცოტა ხნის წინ ცხინვალის ე.წ. КГБ-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდა: დავაკავეთ თბილისელი მამაკაცი, რომელმაც თავშესაფარი მოითხოვა .

აქვე გეტყვით, რომ დათა ვანიშვილი ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე ცხოვრობს და მის ეზოში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს. ისინი ვანიშვილს ცხინვალის მოქალაქობის მიღებას წლების განმავლობაში ამაოდ აიძულებდნენ, რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამის მიუხედავად, დათა ვანიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს და დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმს არ აღიარებს, რის გამოც იგი არამარტო საქართველოშია ცნობილი.

მოხუცი დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული სამყაროს იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან გასულან. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტარი პაოლო ბერგამასკი, ბოსტვანის საგარეო საქმეთა მინისტრი უნითი დოუ და სხვები. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი