რამდენიმე აუდიოფაილი, რომელიც 2018 წლით თარიღდება პროკურატურამ იმის დასტურად წარმოადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობას გეგმავდა და ის სისრულეში ორი წლის შემდეგ მოიყვანა.
შოთაძის უწყებამ დღეს კიდევ ერთხელ დაარღვია პირადი ცხოვრების დაცვის უფლება და თამარ ბაჩალიაშვილის აუდიო დღიურები გამოაქვეყნა- თქვა, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილი სუსტი ფსიქიკის იყო და 23 წლის პროგრამისტმა თავი მოიკლა.
ნახევარ საათიანი საგამოძიებო ფილმში ნათქვამია რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში აღმოჩენილი სისხლის კვალი სინამდვილეში მწერების ნარჩენებია, დნმ პროფილების უმრავლესობა გარდაცვლილს ეკუთვნის, ან მისი მონათესავეა.
ერთადერთი რაც პროკურატურამ ვერ დაადგინა უცხო დნმ პროფილია და მასზე ბევრიც არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის რომ მამაკაცს ეკუთვნის.
გადაწყვეტილება რომელიც დღეს შოთაძის უწყებამ გამოაცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თეონა თამაზაშვილი გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს და თვლის, რომ ხელისუფლება საქმის დახურვას ადრევე აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე პროტესტისა და ხმაურს მოერიდა.
პროკურატურასთან არაერთი კითხვა რჩება საქმის ადვოკატს. განსაკუთრებით გაუგებარია, როგორ ამტკიცებს პროკურატურა სუიციდს, როცა ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაშიც კი წერია, რომ მხოლოდ შესაძლოა, ახალგაზრდა ქალს თავის მოეკლა.
ბაჩალიაშვილი ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში იპოვეს. გამოძიება ექვსი თვე მიმდინარეობდა, თუმცა პროკურატურამ არც ერთ იმ გარემოებაზე რომელზეც ადვოკატები მიუთითებდნენ არ იმუშავა.
ოჯახი არ გამორიცხავს რომ საქმე სტრასბურგამდე მივიდეს, რადგან თვლიან რომ ეს კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო, რომელიც თვითმკვლელობით შეიფუთა.