10 000 ლარიანი გირაო მტკიცებულებების გარეშე. მოსამართლემ ვანო ფოცხვერაშვილს თანხა ისე დააკისრა, რომ საქმეში პოლიციელების ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ დევს. ოჯახმა არ იცის როგორ გადაიხდიან ამხელა თანხას 10 დღეში.
ვანო ფოცხვერაშვილი პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მაშინ დააკავა, როცა კახი კალაძის ბრძანებით სახლების დანგრევა დაიწყეს.
22 წლის ახალგაზრდას თვითონ სახლი რეგისტრირებული აქვს და მას არაფერი ემუქრებოდა, თუმცა როცა მის მეზობელ ორსულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს, დაპირისპირებაში ჩაერთო.
ახალგაზრდას თავდებში მეზობლებთან ერთად პოლიტიკოსებიც დაუდგენ, თუმცა მოსამართლემ არც ეს ფაქტორი გაითვალისწინა.
ვანო ფოცხვერაშვილი ერთადერთია იმ 12 დაკავებულიდან, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. მას პოლიციელზე ძალადობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც არც ოჯახი და არც ის ადამიანები ეთანხმებიან, რომლებიც ახალგაზრდა კაცის დაკავებას შეესწრნენ.
დაკავებულის უფლებადამცველი მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ვანო ფოცხვერაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
აფრიკის დასახლებაში ადამიანები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე დაურეგისტრირებელ სახლებში ცხოვრობენ. თავშესაფრებში, რომლებიც უკანასკნელი ან ნასესხები თანხით აიშენეს.
პატარა ბინები მათ ნაჩუქარი და ნაგავსაყრელზე შეგროვებული ნივთებით აქვთ მოწყობილი. მათთვის არც მოახლოებული ახალი წელი და არც სხვა დღესასწაული არსებობს, რადგან თავს სახელმწიფოსგან მიტოვებულებად თვლიან. სწორედ ამ ადამიანების მხარდასაჭერად იყო გამოსული ვანო ფოცხვერაშვილი, რომელიც ახლა სამართალს ვერ პოულობს.