თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით 12 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული 36 წლის ნოდარ ცხადაძეა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
ამ დრომდე იძებნება ემზარ კვიციანის ძმისშვილი - ბექა კვიციანი, რომელიც მოკლულის მეგობარი და შვილის ნათლიაა. ისინი სავარაუდოდ, ერთ მანქანაში ისხდნენ, როცა ცხადაძეს 12 ტყვია ესროლეს.
ცხედარი ამჟამად ექსპერტიზის ბიუროშია და რამდენიმე საათში ოჯახში გადაასვენებენ.
ნოდარ ცხადაძის ოჯახი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მკვლელობასთან კვიციანის კავშირს არ გამორიცხავს. მათი თქმით, მოკლულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ მოკლულის ოჯახის ახლობლებსაც. მათ მხოლოდ მომხდარი მკვლელობის შესახებ აქვთ ინფორმაცია.
ნოდარ ცხადაძე კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. მას ერთ ერთ სავაჭრო ობიექტში მაღაზია ჰქონდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობდა.
რაც შეეხება ბექა კვიციანს. როგორც მისი ბიძა, დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, უკვე რამდენიმე დღეა მისი ძმისშვილი დაკარგულია და ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
"არ ვიცი არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე იყო დაკარგულები იყვნენ, ნოდარი მოინახა და ბექა დაკარგულია. არსად არ ჩანს. არიან ერთმანეთის ახლობლები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი შვილის ნათლიაა. არანაირი ვერსია არ მაქვს." აცხადებს დეპუტატი.
მუშაობს თუ არა გამოძიება მკვლელობაში კვიციანის მონაწილეობაზე, უცნობია. შსს მხოლოდ მკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა- 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით, რაც შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.