თბილისის მუნიციპალური ინსპექცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და წერს, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად, მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ ჩანგელიების ოჯახიც გააფრთხილეს.
საუბარია აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახზე, რომლის საცხოვრებლის დანრევასაც, როგორც "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წერს, მერია 20 დეკემბერს აპირებს:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ორგამიზაციამ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მცხოვრების სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად, სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩანგელიების სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტებისა და უკანონო მშენებლობების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე იწყება მოკვლევა და შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ, მხოლოდ იმ მშენებლობების დემონტაჟი ხდება, სადაც იმ დროისთვის, არავინ ცხოვრობს. დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, მეპატრონე წერილობითი ფორმით გააფრთხილოს და მოუწოდოს, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი თავად განახორციელოს. წერილობით გაფრთხილებაში ასევე, მითითებულია ინსპექციის საკონტაქტო ინფორმაცია. სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.
8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე PHR-მა სასამართლოს მიმართა