COVID-19 -ს კიდევ ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა - გარდაცვალების სტატისტიკა იზრდება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის გაუმართავი სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლი 31 წლის გიორგი მიმინოშვილი გახდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ცხელება და კოვიდ ვირუსის ყველა სიმპტომი ჰქონდა ტესტის ჩატარება სამი დღის მანძილზე ვერ შეძლო, ვირუსის დადასტურების შემდეგ კი საავადმყოფოს ნაცვლად, კოვიდ სასტუმროში, უკვე მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ოჯახს კი ტრადიციული რჩევა მისცეს, საავადმყოფოში გადასაყვანად ნაცნობი ეპოვათ. 

დღეს კოვიდ ინფექციას, დაგვიანებულ მკურნალობასა და არასწორ დიაგნოზს კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. 

შსს-ს თანამშრომელმა ოჯახის ექიმს რესპირაციული სიმპტომებით მიმართა. ტესტირებისას კოვიდი პირველ ეტაპზე არ დაუდასტურდა, მწვავე ფილტვების ანთებას ის სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად დაუმძიმდა, კლინიკა რუსთავში 12 დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. თანმხლები დაავადება არ ჰქონია. ოჯახის ახლობლები სისტემის გაუმართაობასა და გულგრილობაზე საუბრობენ.

კოვიდ ინფექციას ემსხვერპლა კიდევ ერთი სასულიერო პირი. ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი უმძიმეს მდგომარეობაში ჯერ ახალციხის კლინიკაში მოხვდა, მართვა ვერ შეძლეს, რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა მიქაელის კლინიკაში გადაიყვანეს, სასულიერო პირი დიაბეტით კლინიკაში რამდენიმე დღე მკურნალობდა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. 

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 29 წლის გიორგი კაკოშვილის ანამნეზს იცნობს, თუმცა ფოთის საქმეს არ გაცნობია. შესაბამისად მინისტრმა ამ პასუხით თავი აარიდა პასუხს, რატომ ვერ შეძლო მძიმე პაციენტმა ჯერ ტესტირების ჩატარება, შემდეგ კლინიკაში გადასვლა და რატომ დადგა ლეტალური შედეგი.

მაშინ, როცა ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის დონე დაბალია, ბოლო ერთი თვეა 50-მდე პაციენტი ყოველდღიურად იღუპება. 

მიზეზი ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული მკურნალობა და კლინიკებში ადგილების არ არსებობაა. მინისტრი მისი უწყების კოლაფსს არ აღიარებს და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზრდება, პასუხისმგებლობას თავად ვერ გრძნობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი