ბურუსით მოცული მკვლელობა - "მთავარის" ინფორმაციით, კვიციანი მოკლულ ცხადაძეს ე.წ ქურდული ობშიაკის ფულს და ბიზნესში წილს სთხოვდა

გამოქვეყნდა:

ნოდარ ცხადაძის ოჯახის წევრები მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ და მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ 36 წლის მამაკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ჩაცხრილული იპოვეს. ცხადაძეს 14 ტყვია აქვს ნასროლი. გვამი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დღეს დილით ნახეს.

მოკლულის ნათესავები არ გამორიცხავენ რომ მკვლელობაში დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმის შვილი ბექა კვიციანი მონაწილეობდა, რომელიც ცხადაძის მეგობარი და შვილის ნათლიაა. თუმცა ცხადაძის ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ ბავშვობის მეგობრებს კონფლიქტი არ ჰქონიათ.

"მთავარს" კი კონფიდენციალური წყარო უყვება რომ ბექა კვიციანი ნოდარ ცხადაძეს ე.წ ქურდული ობშიაკის ფულს და ბიზნესში წილს სთხოვდა. მოკლულს ცხადაძეს უკვე წლებია ისნის ბაზრობაზე ავტონაწილების მაღაზია აქვს. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით სწორედ სამუშაო ადგილზე მიაკითხა კვიციანმა ცხადაძეს, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა.

ისნის ბაზრობაზე მდებარე მაღაზია დღეს დაკეტილია. მიმდებარედ მომუშავეები კი მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ.

შემთხვევის ადგილი პოლიციას ამ დრომდე შემოსაზღვრული აქვს. გვერდით მშენებლობაზე მომუშავე ადამიანები იხსენებენ რომ სამართალდამცავთა გადაადგილება ამ ადგილზე გუშინ საღამოს დაიწყო. პოლიციის მთავარი ინტერესი კი გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები იყო. 

რამდენიმე დღეა გაუჩინარებულია ბექა კვიციანიც. ემზარ და ნორა კვიციანები ცხადაძის მკვლელობაში მათი ძმის შვილის მონაწილეობას გამორიცხავენ და ამბობენ რომ ბავშვობის მეგობრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. კვიციანების ინფორმაციით ბექა ბოლოს მოკლულ ცხადაძესთან  ნახეს. 

ნორა კვიციანის თქმით, ცხადაძის მკვლელობაში მისი ძმისშვილის კვალს პოლიციაც ეძებს, რის გამოც ბოლო დღეებია მისი ძმა, ბექას მამა, პოლიციაში დაკითხვებზე დაყავთ. ნუგზარ კვიციანთან დაკავშირება დღეს ვერ მოხერხდა. მათი ნათესავები კი ცხადაძის მკვლელობაში მესამე პირის მონაწილეობას არ გამორიცხავენ. 

შსს-მ მკვლელობის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით, რაც შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი