19 ივნისს 34 წლის ორსული მარიამ ფანთია, რომელიც სამ ტყუპს ელოდა, სახლში შეუძლოდ გახდა. ის ჯერ პირველ სამშობიაროში გადაიყვანეს, თუმცა მალევე ორსული ღუდუშაურის კლინიკაში გადაამისამართეს. ოთხი დღის განმავლობაში ექიმები მარიამს მკურნალობდნენ, ამ დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, 22 ივნისს ორსულის მდგომარება დამძიმდა.
22 ივნისს მარიამ ფანთიას პალატაში ერთერთი მძიმე ორსული შეიყვანეს. ფეხმძიმე ქალს ჟანგბადი სჭირდებოდა. როგორც გაირკვა, ჟანგბადის აპარატი კლინიკაში მხოლოდ ამ პალატაში მუშაობდა. პაციენტი ყვება, რომ მეორე ორსულს ექთანმა მაგნიუმის სულფატის ინექცია გაუკეთა და დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა გაკეთებული ტყუპების დედას ე.წ. მაგნეზია, რომელსაც ორსულებს უკიდურეს შემთხვევაში მშობოიარობამდე უკეთებენ.
ქალი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ექთანმა გაიგო, რომ ფეხმძიმეს მედიკამენტი ჯერ არ ჰქონდა მიღებული, ექიმთან შეთანხმებით, გაურკეველი დოზის ინექცია გაუკეთა. რამდენიმე წუთში კი, ორსულის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და კრუნჩხვები დაეწყო.
მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, საღამოს, ტყუპების დედასთან ექთანი ეტლით მიდის და ორსულს ეუბნება, რომ საკეისრო კვეთისთვის საოპერაციო ბლოკში უნდა გადაიყვანონ. ორსული განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ გადაწყვიტეს სასწრაფოდ საკეისრო კვეთის გაკეთება მაშინ, როცა იმავე დილით მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა უთხრა, რომ ორსულობა კიდევ სამი კვირა უნდა შეენარჩუნებინათ. ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ მისი კითხვები ექიმებმა უპასუხოდ დატოვეს. მას არც ქმართან დაკავშირების საშუალება მისცეს. მარიამ ფანთია ამტკიცებს, რომ ოპერაციამდე მისთვის არანაირი სამედიცინო კვლევა არ ჩაუტარბიათ და მედიკოსების გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, საკეისრო კვეთა ნაადრევად გაუკეთეს.
სამი ტყუპი - ევა, მიქაელი და ნოე - ღამის 10 საათზე დაიბადნენ. ისინი მალევე გადაიყვანეს განსაკუთრებული მზრუნველობისთვის სპეციალურ განყოფილებაში, თუმცა, იმის გამო, რომ ბავშვები 29-ე კვირას გაჩნდნენ, მათ დაბალი იმუნიტეტი ჰქონდათ და სისხლჩაქცევები განუვითარდათ. ყველაზე მეტად ევას მდგომარეობა დამძიმდა. მის გადარჩენას ექიმები 28 დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ექიმების ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. ევას მსგავსად, რთული იყო მის ძმების მდგომარეობაც. ნოეს რამდენიმე ოპერცია გაუკეთეს, ახლა ის უკვე სახლშია, თუმცა, შეძლებს თუ არა სიარულსა და მეტყველებას ეს ორ წელში გაირკვევა.
მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ოჯახი იმ მედპერსონალს აკისრებს, რომელმაც გაურკვეველი რაოდენობის ინექციის გაკეთება გადაწყვიტა და საკესირო კვეთა დააჩქარა.
ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი და კლინიკაში ყოფნის დროს მარიამის პირადი ექიმი, პაატა ჟორჟოლიანი, პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ მან ორსულს ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია პროტოკოლის მიხედვით გაუკეთა. უმძიმესი შედეგი კი, ექიმის განმარტებით, გარდაუვალი იყო.
პაციენტის ბრალდებას, რომ ორსულს ინექცია დიდი რაოდენობით გაუკეთეს, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა და საკეისრო კვეთა აუცილებელი გახადა, აბსურდულს უწოდებს ექიმი პაატა ჟორჟოლიანი. მეანგინეკოლოგი უარყოფს ტყუპების დედის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ ორსულს საკეისრო კვეთის წინ არ ჩაუტარეს კვლევები, მათ შორის, აუცილებელი ექოსკოპია.
კლინიკა, ასევე, პასუხისმგებლობას იხსნის ნოესა და მიქაელის სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსებაზე, არადა, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი ამბობს, ნოეს რამდენიმე წლის განმავლობაში ძვირადღირებული თერაპიები სჭირდება. ბავშვების მკურნალობას ახლა ოჯახის ახლობლების დახმარებით ახერხებენ, თუმცა თუ სახელმწიფო და კლინიკა არ დაეხმარებათ, შესაძლოა, ბავშვი აუცილებელი თერაპიების გარეშე დარჩეს.
ამ უმძიმესი ამბის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო, სწორედ მათ უნდა დაადგინონ, რას შეეწირა ევას სიცოცხლე.