რემდესივირი უკვე საქართველოშია და ხვალიდან მას ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებზეც გამოიყენებენ.
მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კლინიკურ კვლევაზე დაფუძნებით, ჯანმო-მ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ რემდისივირი კოვიდპაციენტების სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის.
საქართველოში კი შესყიდვების სახელმწიფო სააგენტო ამ განცხადებიდან ერთ კვირაში რემდისივირის 4000 ცალი ფლაკონის შესაძენად 104 ათასი დოლარის ბიუჯეტის ფულის გადახდაზე დათანხმდა.
რემდესივირთან დაკავშირებული კლინიკური კვლევა საქართველოში მაისში დარეგისტრირდა და ამ კვლევაში 6 კლინიკა ჩაერთო, მაგრამ საქართველოში ჩატარებული კლინიკური კვლევის შესახებ საჯაროდ არ გამხდარა ცნობილი.
ექვს მკვლევარს შორის მითითებულია ინფექციური საავადმყოფო და მისი კლინიკური ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოში რემდესივირთან დაკავშირებული კლინიკური კვლევის შესახებ ევროპულ მონაცემთა ბაზებში ინფორმაცია არ იძებნება.
ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე იმპორტირებული წამლების რეესტრში ჩანს, რომ წელს საქართველოში სულ 10 ფლაკონი რემდესივირია შემოსული.
ამ კვლევის მონაწილე სხვა მკვლევარებმაც გვითხრეს, რომ საქართველოში ეს კვლევა ჯერ არ დაწყებულა, ანუ პაციენტებისთვის რემდესივირი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ჩნდება კითხვა, ახლა რა რემდისივირიც ჩამოვიდა, კლინიკური კვლევისთვის ხომ არ არის განსაზღვრული. ანუ, ის კვლევა, რომელზეც გაზაფხულზე გაიცა ნებართვა, ახლა ხომ არ ტარდება საქართველოში? თუ ტარდება, მაშინ ამაზე საჯაროდ რატომ არაფერს ამბობენ?
რემდესივირის კლინიკურ კვლევას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფინანსებდა, რომლის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგეც ახლა საქართველოშია და გუშინ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კოვიდსასტუმრო ჰოლიდეი ინი დაათვალიერა. ჰანს კლუგემ კითხვებს არ უპასუხა.
ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ რემდესივირთან დაკავშირებით კლინიკური კვლევა ტარდება.
ცნობილია, რომ კლინიკური კვლევის დროს მედიკამენტები უფასოა და პირიქით პაციენტები უფასო სამედიცინო დაზღვევას და სერიოზულ კომპენსაციას იღებენ ხოლმე იმიტომ, რომ ექსპერიმენტული კვლევებით ფარმაცევტული კომპანიები უზარმაზარ მოგებას იღებენ.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაც რეგისტრირებული კლინიკური კვლევის მონაწილეა. კვლევის ხელმძღვანელი კახაბერ იშხნელი. ის ადასტურებს, რომ მის კლინიკაში რემდესივირის კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და ასეთი კვლევის ჩატარება ახალი წლის შემდეგ იგეგმება.
კახაბერ იშხნელი მინისტრის შემდეგ კიდევ ერთი პირია, რომელმაც დაგვიდასტურა, ის, რასაც თენგიზ ცერცვაძე საჯაროდ უარყოფს, რომ საქართველოში ჩატარდება ექსპერიმენტული კვლევა მედიკამენტზე, რომელზეც სხვა ქვეყნებში უკვე ჩატარდა კვლევა და დადასტურდა, რომ არაეფექტურია.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანი დღეს ამბობს, რომ მათთან კლინიკური კვლევა აღარ ჩატარდება:
ჯანდაცვის სამინისტრო კი კითხვებს აღარ პასუხობს. ასევე არ უპასუხა ჩვენს კითხვებს თენგიზ ცერცვაძემ, რომ განემარტა, რატომ ამბობს ის, რომ კლინიკური კვლევა უკვე ჩატარდა და სხვა კლინიკური კვლევა აღარ ჩატარდება, რატომ ამბობენ მინისტრი და კლინიკური ჯგუფის სხვა წევრები საპირისპიროს.