დაკავება 9 წლის შემდეგ-გახმაურებული მკვლელობა და გაუხმაურებელი დეტალები

გამოქვეყნდა:

კადრები, რომელშიც ზაზა აგლაძე საკუთარ შვილს ვერ ცნობს, 2011 წლის 17 ოქტომბერს -  23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობის დროს,  რუსთაველის გამზირზეა გადაღებული.

9 წელია ეს კადრები ერთერთი მთავარი მტკიცებულებაა ტარყაშვილის მკვლელობაში ირაკლი აგლაძის  მონაწილეობის.

მოწმეების ჩვენებებთან ერთად, ამ მასალაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ მაშინ ძებნილი აგლაძის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი და მას ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 30 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის აღსრულება 9 წლიანი დაგვიანებით დაიწყება, ძებნილი ირაკლი აგლაძე პოლიციამ გუშინ დააკავა. 

მამა ამბობს რომ არ იცის რა ვითარებაში აიყვანეს მისი შვილი, თუმცა იცის რატომ გაიქცა ის ქვეყნიდან 2011 წლის ოქტომბერში. 

ერთერთი ვერსიით ირაკლი აგლაძე პოლიციას თავად ჩაბარდა. 9 წლიანი მალვის შემდეგ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა სცადა და ამით პოლიციას მისი დაკავების საშუალება მისცა. 

აგლაძის ეს საქციელი ეჭვებს უჩენს მოკლული ტარყაშვილის ოჯახს. ისინი ვარაუდობენ რომ შესაძლოა აგლაძეები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან გარიგდნენ რომ თუ ძებნილი პოლიციას ჩაბარდებოდა, მას ციხეში იმაზე ნაკლები დროის გატარება მოუწევდა, ვიდრე მკვლელობისთვის დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. 

ზაზა აგლაძე დღეს ამტკიცებს რომ მისი შვილი 9 წლის წინ დანაშაულში არ მონაწილეობა, ტარყაშვილის მკვლელობის დროს სახლში იყო და მხოლოდ იმიტომ დაადანაშაულეს, რომ სანდრო გოგბერაშვილის კლასელი იყო. იმ ახალგაზრდის ვის მკვლელობაზე შურისძიებისთვისაც ტარყაშვილი ჩაცხრილეს. 

ზურა ტარყაშვილის დედა ამბობს რომ ირაკლი აგლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები ყოველთვის არსებობდა, თუმცა პოლიციას მას 9 წელი ვერ იჭერდა. 

თამილა კოჭლამაზიშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში  მათ ჰქონდათ ინფორმაცია რომ მკვლელობისთვის ძებნილი აგლაძე ქვეყანაში პერიოდულად შემოდიოდა. ამის შესახებ პოლიციასაც უთხრეს თუმცა უშედეგოდ. დედა ფიქრობს რომ გარკვეული მაღალჩინოსნები მას ყოველთვის მფარველობდნენ.  

თამილა კოჭლამაზიშვილი დღემდე ითხოვს მისი შვილის საქმეზე მინდია გოგოჭურის პასუხისგებაში მიცემას. შვილმოკლული დედა ამბობს რომ  გოგოჭურის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს. ვიდეო კადრები სადაც მათ შორის ისიც ჩანს თუ როგორ ესროლა გოგოჭურმა ზურა ტარყაშვილს. 

23 წლის ზურა ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მას 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, საიდანაც 3 საკონტროლო - თავში.

ტარყაშვილის მკვლელობისთვის სასჯელს დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილი იხდიან. 

სწორედ ამ უკანასკნელს ასახელებენ ტარყაშვილის მკვლელობის ორგანიზატორად. გავრცელებული ინფორმაციით, გოგბერაშვილმა შური შვილის - სანდრო გოგბერაშვილის გამო იძია, რომელიც 2010 წლის მარტში სახლთან ახლოს მოკლეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი