საქაღთველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას ახალი გზავნილი ღიად, მედიის მეშვეობით მიაწოდა. ის უკმაყოფილოა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს "კარტოგრაფების საქმედ" მოიხსენიებენ, რადგან ამით, მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიცია ახერხებს დამალოს ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით".
ცნობილია, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შემდეგ დაიწყო კარტოგრაფების საქმის გამოძიება და ორივე დააკავეს. სწორედ ეს გარემოება აძლევთ საფუძველს კარტოგრაფთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს, კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი იმას, რომ მელაშვილი და ილიჩოვა პოლიტპატიმრები არიან.
ხელისუფლება ძალიან ცდილობს, კარტოგრაფების საქმეს მიაკეროს დავითგარეჯის საკითხი, რაც არაფრით იკვეთება, ბატონმა მინისტრმა უნდა იცოდეს წესით, რომ საქმის გადაკვალიფიცირება, როგორც ტერმინი, სხვა დატვირთვის მატარებელია და მასში საქმის სახელწოდება არ იგულისხმება, - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
თავდაპირველი გეგმა ჩაუფლავდათ, რადგან ხელთ შერჩათ პატიოსანი ადამიანები, რომლებმაც არ იკადრეს ხელი გაეშვირათ ვინმესკენ, თითქოს მათი დავალებით მოქმედებდნენ. მათ უნდოდათ, ნაციონალებზე გასულიყვნენ, ამას კი ვერ მოახერხებდნენ, ესენი რომ არ დაეკავებინათ. ეს მათი ბრძოლაა, ეს ორი ადამიანი კი უდანაშაულოა და ამ ბრძოლაში იჭყლიტებიან. - ამბობს თამარ სულაძე, ივერი მელაშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ 8 ოქტომბერს ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.