კარტოგრაფების საქმეზე, გამოძიების დაწყების მთავარი ინიციატორი პოლიტიკური ტრიბუნიდან მოურიდებლად ახსენებს და მიუთითებს შოთაძეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებით, მხოლოდ მეცნიერების დაპატიმრება საკმარისი არ არის.
ღარიბაშვილის აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა ივერი მელაშვილის ოჯახისთვის და დაკავებულების ადვოკატებისთვის.
მინისტრმა თქვა ის, რასაც ისინი დიდი ხანია აცხადებენ - მელაშვილი და ილიჩოვას პატიმრობა პოლიტიკურია და მიზანი მხოლოდ ერთია - ტერიტორიების გასხვისების ბრალდებით, წინა ხელისუფლების პირველი პირები პირველ რიგში კი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდეს.
ბოლშევიკური მმართველობის მეთოდი - ასე აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის გზავნილს.
ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები დღეს ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა. ოდნავ უფრო მოზომილი აღმოჩნდა მამუკა მდინარაძე. მცდელობის მიუხედავად, ვერც მან დამალა რომ გამოძიების მთავარი მიზანი, მეცნიერების ზემდგომი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულის დადგენა უნდა გახდეს, თუმცა დანაშაულის მტკიცების ვალდებულება პროკურატურას დაუტოვა.
გარეჯის საქმეზე გამოძიება აგვისტოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. მეცნიერების დაკავების შემდეგ უწყებაში დაიბარეს ყოფილი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრები, თუმცა სალომე ზურაბიშვილი არა. როგორც ჩანს ხელისუფლება გამოძიებით კმაყოფილი არ არის. სწორედ ამიტომ, ღარიბაშვილმა ფაქტობრივად დაუკვეთა და თან დააანონსა გამოკითხვების, ბრალის წარდგენისა და შესაძლოა დაკავებების ახალი სერია.