დილის 7 საათიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო მოლი იხსნება. რეგულაციები 1 კვირის განმავლობაში შემსუბუქდება.
რეკომენდაციები სავაჭრო ცენტრებში მკაცრად გაკონტროლდება. მოლების თანამშრომლები უზრუნველყოფენ, რომ მომხმარებლებმა დისტანცია დაიცვან და პირბადე სწორად ატარონ.
ბიზნესმენებმა მიიღეს დამატებით რეგულაციებიც, პანდემიის პირველი პერიოდიდან განსხვავებით ახლა 20 კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ ერთ მომხმარებელი დაუშვან.
ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელების განყოფილება უქმდება. არ გაიხსნება საკვები ობიექტი.
ხვალიდან მუშაობას განაახლებენ მხოლოდ სასტუმროსთან არსებული რესტორნები და მხოლოდ საღამოს 9-მდე.
რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის წევრები კი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში ლოგიკას ვერ ხედავენ. მათ ინიციატივებსა და შეთავაზებებს კი მთავრობის ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს.
ბიზნესმენები ითხოვდნენ რომ სამუშაო საათები 10 საათამდე გაგრძელებულიყო, რადგან ახლა, რთული რეგულაციების გამო, საღამოს 7 საათზე უწევთ დაკეტვა.
მოლები 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ, თუმცა მათთან შედარებით კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ბაზარში მომუშავე მოვაჭრეები არიან, რომლებიც მუშაობას ამ 1 კვირის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვერ შეძლებენ.
მიღებული გაურკვეველი რეგულაციები მოვაჭრეებმა ლილოს ბაზრობაზე დილიდან გააპროტესტეს. მაღაზიის მეპატრონეები ითხოვენ როგორც მოლებს ასევე ბაზრობებს მუშაობის საშუალება მისცენ.
გაუაზრებელი და შერჩევითი მიდგომა მოულოდნელი აღმოჩნდა თერგის ბაზრობის მოვაჭრეებისთვისაც. ბაზრობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ არავინ დაკავშირებია და არ უთქვამთ რომ მუშაობის უფლება არ ექნებოდათ.
ღია ბაზრობის მოვაჭრეებს უკვირთ, რატომ არ აძლევენ მუშაობის უფლებას მაშინ, როცა ღია სივრცეში ვირუსის გადადების ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე მოლებში. სწორედ ამ შერჩევითი მიდგომის გამო, უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.