შსს-მ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული ჯარისკაცი ერთერთ სასტუმროში, თბილისში იპოვა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გაირკვა, რომ თეიმურაზ გიუნაშვილმა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით ისარგებლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს.
სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ამ დროისთვის თამაზ გიუნაშვილი პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება. შეგახსენებთ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცის გასვლის შესახებ ბაზაზე არავინ აღმოჩნდა ინფორმირებული და მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.