
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არაა ადრესატი შეკითხვისა, დაირღვა თუ არა კანონი ირანში მოსაპირკეთებელი თეთრი კენჭების შესყიდვისას, რისთვისაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა და სამი მილიონი ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან.
მე რატომ მეკითხებით, კომპანიას უნდა ჰკითხოთ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი... - ამბობს თბილისის მერი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხელისუფლება უნდა იყოს თუ არა დაინტერესებული, რომ კანონი არ დაირღვეს, კალაძე პასუხობს
ნახეთ: მე ვარ დაინტერესებული, რომ მივიღო ის პროდუქტი, რომელიც ჩემი ქალაქისთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გავალამაზო კახეთის გზატკეცილი.
შეგახსენებთ, "ირანიდან" - ამ წარწერით ათეულობით ტომარა თეთრი კენჭებით შს სამინისტროს წინ გზის გამყოფ ბილიკზე მიიტანეს და დილიდან მერიის სამსახურმა მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც დაიწყო.
ქვების წარმომავლობით მხოლოდ ოპოზიცია დაინტერესდა. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამი მილიონი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან იმ ირანულ კომპანიას გადაურიცხეს, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს სანქცირებულ კომპანიათ სიაში ჰყავს შეყვანილი.