ირანიდან - ამ წარწერით ათეულობით ტომარა თეთრი კენჭებით შს სამინისტროს წინ გზის გამყოფ ბილიკზე მიიტანეს და დილიდან მერიის სამსახურმა მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც დაიწყო. ქვების წარმომავლობით მხოლოდ ოპოზიცია დაინტერესდა. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამი მილიონი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან იმ ირანულ კომპანიას გადაურიცხეს, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი.
როგორ მიიღო ირანულმა კომპანიამ სამი მილიონი ბიუჯეტიდან ? - ბიზნესმენი სერგო ჯავახაძე ამბობს , რომ ეს მხოლოდ ორი გზით იყო შესაძლებელი და ორივე გზა უკანონოა: ან ქეშად, ან რუსული რუბლების გადარიცხვით.
თავად კომპანია გრინსერვისის წარმომადგენელი უარყოფს რომ ქვა ირანულია, ამბობს რომ ირანულ ენაზე წარწერით ტომრები ძველია და მასში ქართული წარმოების მასალა ჩაყარეს. თუმცა მტკიცებულება და ლიცენზია სად და როგორ მოხდა საქართველოში ქვის მოპოვება არ აქვს. მხოლოდ მიმწოდებელი კომპანიის დასახელება შეუძლია.
ამ ტენდერზე პასუხი არ აქვს ქალაქის მერსაც. კალაძე ამბობს რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან ირანში გადაირიცხა. ქალაქის მერისთვის, რომელმაც დღეს 2021 წლის ბიუჯეტი მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებთან ერთად ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში დაამტკიცა, პრობლემა არც ისაა, რომ კოვიდკრიზისისა და პანდემიის დროს კენჭებში სამი მილიონზე მეტი დაიხარჯა.
ქალაქის მერი ვერ იგებს, რა შუაშია ის, თუ კომპანია გრინსერვისმა ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიისგან მასალა შეიძინა. როგორც მერი პასუხისმგებლობას იხსნის, პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ბიზნესმენები კი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება კომპანიასთან, რომელიც სანქცირებულთა სიაში ამერიკაში ნავთობით უკანონო ვაჭრობის გამო მოხვდა, კიდევ უფრო ღრმად იყოს კავშირში და უფრო მეტიც, ამ კომპანიისგან ნავთობი შავი ფულითა და კანონის გვერდის ავლით შემოდიოდეს.
თუ ეს ბრალდება დამტკიცდა, მაშინ ქვეყანა კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა, თუმცა ამას ქალაქის მერის გარდა, ვერც მმართველი გუნდის ის წევრები აცნობიერებენ, რომელთაც დღეს ჩვენ პარლამენტში ვკითხეთ, თუმცა მათ ყურადღება არა ირანთან ტრანზაქციის ფაქტზე, არამედ შესყიდვაზე გაამახვილეს და თქვეს, რომ ქალალქის მერიის გამოცხადებული ტენდერები მათ არ ეხებათ. ახლა მტკიცების ვალდებულება კომპანიას აქვს, სწორედ მას აკისრებს ქალაქის მერი სრულ პასუხისმგებლობას. ოპოზიცია კი ითხოვს, კომპანიამ, რომელსაც კალაძესთან დაახლოებული პირები მართავენ წარმოადგინონ ყველა მტკიცებულება, რომ მასალა არა ირანიდან, არამედ საქართველოში, რომელიმე კარიერიდან შეიძინეს.