უხილავ ომში ბრძოლის ერთადერთი იარაღი მხოლოდ ვაქცინაა, 21-ე საუკუნის ახალი მტერი დღემდე დავის საკითხია, მომაკვდინებელი ვირუსი COVID-19, ხელოვურად შეიქმნა თუ ბუნებრივი მუტაციის შედეგად წარმოიშვა? ამ უპასუხო კითხვის მიუხედავად დღესაც მთავარი წამალი ისევ მდიდარი ქვეყნების შექმნილი მედიკამენტია.
სად არის საქართველო? ვაქცინა რომლითაც უკვე მსოფლიოს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში მოსახლეობის აცრა დაიწყო საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, მწარმოებელმა კომპანია ფაიზერმა ღარიბი ქვეყნების სიაში შესულ საქართველოს, უარი უთხრა მისი წარმოებული მედიკამენტის შემოტანაზე. ამის მიზეზი მხოლოდ ფინანსური რესურსის სიმცირე არ ყოფილა, ფაიზერის ახალი ვაქცინის შესანახად საქართველოს საჭირო, არც ინფრასტრუქტურა და არც ადამიანური რესურსი აქვს.
მდიდარი ქვეყნები კი, ვაქცინის დათმობას არ აპირებენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალურ პლატფორმაზე, საიდანაც საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნები ვაქცინას ყიდულობენ, საერთოდ არ მონაწილეობენ, შესაბამისად ეს ვაქცინაც ვერ მოხვდება კოვაქს პლატფორმის სავაჭრო დახლზე.
ამ დრომდე უცნობია, რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ გაზაფხულზე პირველი მოქალაქე აიცრება, რომელი მედიკამენტით აგვცრიან არავინ იცის, არც საფრთხებია შეფასებული, რა შედეგი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი, ვაქცინა არ იქნება იმ კატეგორიის, რომლითაც ახლა ამერიკის და ევროპის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები იცრებიან.
მედიკოსების შეხედულება კოვაქს პლატფორმის ვაქცინებზე განსხვავებულია, ქართველი ექიმი, გიორგი ფხაკაძე სწორედ იმ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ვაქცინა უნდა ჩაეშვას მოხმარებაში. ის ღიად ამბობს, რომ გავის წარმოებული კოვაქს ვაქცინა ისეთივე სანდო და უსაფრთხო იქნება, როგორც ყველა სხვა ამ დრომდე გამოყენებული კოვიდ ვაქცინა.
ამ დიდი რისკების მიუხედავად ვაქცინა ერთადერთი საშუალებაა COVID-19-თან საბრძოლველად, ქვეყანაში დაწყებული პანდემიიდან თითქმის ერთი წლის თავზე "ოცნების" ხელიფუფლებას ჯერ ისევ არ აქვს გეგმა როდის და რომელიც ვაქცინა უნდა შემოიტანონ ქვეყანაში. საფრთხეებზე კი, რომელიც ვაქცინაციას თან ახლავს მხოლოდ მედიკოსები საუბრობენ, არადა საკითხი მისი მასშტაბისა და შედეგების გამო ქვეყნის უსაფრთხოებას უტოლდება.
ადამიანის ჯანმრთელობის გარანტია ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ არსებული ვაქცინით გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ გავლენიანმა გამოცემა ეკონომისტმა უკვე გამოაქვეყნა რუკა და განრიგი, რომელი ქვეყანა, როდის მიიღებს ვაქცინას. საქართველოს ამ ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2022 წლიდან ექნება საკუთარი მოქალაქეების აცრის შესაძლებლობა.