"ანგაჟირებული ტელევიზიები ჩვენს ოპონენტ ექიმებს წარმოაჩენენ, როგორც COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს. სინამდვილეში არცერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არცერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი", - ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე თენგიზ ცერცვაძე წერს.
მისი თქმით, მთელი პანდემიის მანძილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმები კორონავირუსის მართვასთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების დისკრედიტაციას ცდილობენ.
"ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და თავისი ცოდნის რეალიზება ნებისმიერ მათგანში მოახდინოს, მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ აკეთებს. ხომ არ იცით რატომ? ანეკდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 7/24 რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს", - წერს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე თქმით, ტყუილია ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
"სინამდვილეში არც სამინისტროს და არც კლინიკურ ჯგუფს მათგან არცერთხელ არანაირი კონკრეტული წინადადება და რეკომენდაცია არ მიუღია. კონტაქტშიც კი არ შემოსულან. მხოლოდ ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის დაწუნება, დისკრედიტაცია, ბრალდებები, მათ შორის კორუფციაშიც კი?!", - წერია Facebook პოსტში.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, სიცრუეა ისიც, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ პანდემიის მართვა ვერ შეძლო და "ლოქდაუნს" ამიტომ მიმართა.
"სინამდვილეში მათ შესანიშნავად იციან, რომ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იძულებული იყო, მიემართა lockdown-ისთვის და თანაც გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრი პირობებით. ქვეყნის ხელმძღვანელობა საქართველოსნაირი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნის პირობაზე, მაქსიმუმს აკეთებს, რათა მოსახლეობისთვის lockdown და ზოგადად პანდემია ნეკლებად მტკივნეული იყოს", - ვკითხულობთ Facebook პოსტში.
ასევე, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის ეფექტიანი მობილიზება მოახერხა და ეპიდემიისგან შედარებით თავისუფალი პერიოდი ეფექტურად გამოიყენა.
"პანდემიის პირველი რვა თვის მანძილზე ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი „ღმერთმა კი არ გვაჩუქა“, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა თავისი გუნდით და NCDC-იმ დროული, ეფექტიანი და წინმსწრები საპასუხო ღონისძიებებით უზრუნველყო COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი და სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური დანაკარგები.სინამდვილეში ბოლო ექვს თვეში იმდენი რამ გაკეთდა, რასაც სხვა დროს ექვსი წელი არ ეყოფოდა. ასე რომ არ იყოს, ჩვენნაირი პატარა და შეზღუდული რესურსების ქვეყანა ვერანაირად ვერ მოახერხებდა ემართა ერთდროულად 30 ათასი აქტიური COVID-19-ით პაციენტი, რაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა ვერ მოახერხეს", - წერს თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციონისტი ექიმთა ახლადშექმნილ ასოციაციას მოუწოდებს, შეარჩიოს ორი ექიმი, ერთი - უცხოეთში მცხოვრები, ხოლო მეორე - საქართველოში მცხოვრები, რომლებსაც ის ნეიტრალურ ტელევიზიაში, ტელედებატებში შეხვდება და COVID-19-ის კლინიკური მართვის საკითხებზე ისაუბრებს.