ელიტური კორუფციის კატალოგი - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბოლო წლების კორუფციული საქმეების იმ კატალოგის შედგენა დაიწყო, რომლებიც მათ მოიძიეს, საჯაროდაც გაშუქდა, მაგრამ შემდეგ ეს თემა ჰაერში გამოკიდებული დარჩა:

კატალოგში პირველი ნომერი ეგრეთწოდებული ომეგა ჯგუფის საქმეა.

2018 წლის სექტემბერში ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა და საჯაროდაც ისაუბრა, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე. მასალებში ნახსენები იყო ვიცე-დიმიტრი ქუმსიშვილის, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილის სახელები

საერთაშორისო გამჭვირავლობის მკვლევარების აზრით, ცალკე გამოძიება უნდა იყოს ჩატარებული ოთარ ფარცხალაძისავე საეჭვო გამდიდრების ფაქტზე. თანამდებობაზე ყოფნისას მისი ოჯახი ორიდან ოცდაოთხამდე უძრავი ქონების მფლობელი გახდა.

თბილისის მერიას უკავშირდება სხვა საქმე: ოთხი წლის წინ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს აუქციონზე 29 ჰექტარი საპარტნიორო ფონდს გადაეცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა თვლის, რომ ეს ფაქტი კორუფციის ნიშნებს შეიცავდა.

კიდევ ერთი ჰაერში გამოკიდებული საქმე 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევენებამდე მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები ჩამოეწერებოდა. 

თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე, სამაგიეროდ ჰქონდა ბანკის სოლიდური ვალი. ამის მიუხედავად, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 225 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 217კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა. 

2013-2018 წლებში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სახლი აიშენა, თუმცა საეჭვო წარმომავლობის თანხით გაწეული ხარჯები დეკლარაციაში არ მიუთითა. ამ საქმეზეც არ ვიცით, გაარკვია თუ არა რამე გამოძიებამ.

ყოფილმა დეპუტატმა, იოსებ მაკრახიძემ ჩვენთან საუბრის დროსაც არ დამალა, როგორ იგებდნენ მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები მილიონიან ტენდერებს და მმართველ ძალას სწირავდნენ საარჩევნო თანხას.

გაჭვირვალობის მკვლევარებმა რეგიონების ტენდერებს და პანდემიის დროს განხორციელებულ საგანგებო შესყიდვებსაც მიაქციეს ყურადღება და კატალოგიც უცნობი სტატუსის მქონე კორუფციული საქმეებით სწრაფად შეივსო.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველი წლის ბოლოს ნაძვის ხე და ქუჩის განათებები კორუფციის მკვლევარების ყურადღებას იქცევს: ჩნდება ეჭვი, რომ საახალწლო შესყიდვები მორგებულია იტალიურ კომპანიაზე, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტოდ იგებს სახელმწიფო კონტრაქტებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა მომავალში სხვა კატალოგების გამოფენასაც აპირებს სხვა ორგანიზაციების მიერ შესწავლილი პოტენციურად კორუფციული და ასევე ჰაერში გამოკიდებული საქმეებით. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი