კრიმინალური 2020 - გახმაურებული მკვლელობები, მძევლები, ძარცვა, ყაჩაღობა და სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

შობა ღამეს თელავში, კრიმინალური პოლიციის უფროსის მთვრალმა მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, მისი მეგობარი ლევან ბერძენაშვილი კი მკლავში დაჭრა. 

25 დეკემბრის ღამეს დატრიალებული ეს ტრაგედია, 2020 წლის უკანასკნელი თვის კრიმინალური შემთხვევების რიგში ჯერჯერობით ბოლოა, თუმცა ერთადერთი ნამდვილად არ არის. 

თელავურ გარჩევამდე სამი დღით ადრე, სამტრედიაში მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა. თვის დასაწყისში კი ზედიზედ ორი მკვლელობა მოხდა.  

7 დეკემბერს ფონიჭალაში, რასიმ ისაევი, სახლთან ახლოს, საკუთარ ავტომობილში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. 

12 დეკემბერს კი წარსულში ნასამართლევმა და  ქურდულ სამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფმა ვინმე მსხალაძემ, სანადირო თოფიდან 7 ტყვია ესროლა ვალერი ვერულიძეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. 

არც ეს ოთხი და არც 17 ნოემბერს ჩადენილი კიდევ ერთი სისხლიანი ინციდენტი, რომელიც კომენდანტის საათის დროს ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონის 31-ე კორპუსის სადარბაზოში მოხდა, შსს-ს რეგისტრირებულ დანაშაულთა 2020 წლის სტატისტიკაში ჯერჯერობით შეტანილი არაა.

არა და იმ დღეს ორმა ბოროტმოქმედმა 36 წლის მიხეილ მელიქიშვილს ყელი გამოჭრა, მისი მეგობარი ლევან შარუბაშვილი კი რომელსაც დანით  ჭრილობები ყელისა და თავის არეში მიაყენეს სიცოცხლეს სასწაულით გადაურჩა. 

თუ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ვენდობით, 2020 წლის ოქტომბერი ერთადერთი თვეა, რომელშიც გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები - 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული  დანაშაულები მოხდა, თუმცა ექვსივე მკვლელობა ამ თვეში ერთმა ყაჩაღობამ გადაფარა. 

ბადრი ესებუამ, რომელსაც საქართველოს ბანკში სიცოცხლის მოსპობის მუქარით 43 მძევალი ჰყავდა აყვანილი, ქართული სამართალდამცავი სისტემა პირწმინდად გააბითურა. 

მან ბანკიდან ნახევარი მილიონი  ისე წაიღო და გაქრა, რომ სამართალდამცავები მის კვალს დღემდე ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებმა ესებუას ძმა, ერთი შეხედვით გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და დღემდე მძევლად ჰყავთ აყვანილი, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით უპრეცენდენტო ბანკის ძარცვის მთავარი შემოქმედი კვლავ თავისუფალია.  

14 იანვარს, დავით გარეჯში ქართველ მესაზღვრეების ბანაკში მწყემსმა გიორგი იჩუკაიძემ შეაღწია და სამხედროები იარაღის მუქარით მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი ჯარისკაცებისგან საზღვრის ისეთ მონაკვეთში გადასვლასა და დაბანაკებას ითხოვდა, რომელიც ოფიციალურად  საქართველოს ჯერჯერობით არ ეკუთვნის. 

რადგან სიტყვა დავითგარეჯზე ჩამოვარდა, ალბათ აუცილებელია კარტოგრაფების საქმედ შერაცხული იმ სისხლის სამართლის საქმის გახსენებაც, რომელშიც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა დიდი ხანია  პოლიტიკური სარჩული დაინახა და მისი ფიგურანტები  ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოცნების მთავრობის პოლიტიკურ მძევლებად მიაჩნია. 

2 იანვარს, ბედობის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელმა 24 წლის მურად წურწუმია ვარკეთილის სასაფლაოზე ჯერ სცემა, შემდეგ კი წამებით მოკლა და ცხედარი იქვე დააგდო. 

ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენელი ფიგურირებდა კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელიც გუდაურში მოხდა. სროლას, რომელსაც თამაზ გორთამაშვილის სიცოცხლე შეეწირა წინ ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. იმავე დღეს პოლიციამ ყოფილი სამხედრო მერაბ კობიაშვილი დააკავა. იმის გამო, რომ პროკურატურამ ცხრა თვის განმავლობაში ნაფიცი მსაჯულების შეკრება ვერ მოახერხა კობიაშვილი ამჟამად თავისუფალია და სასამართლო პროცესების დაწყებას საკუთარ სახლში ელოდება. 

განზრახ თუ გაუფრთხილებლობის გამო ჩადენილი მკვლელობების საქმეებში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები წელსაც არც თუ იშვიათად ფიგურირებდნენ. ერთ-ერთი ასეთი  გახმაურებული შემთხვევა 20 აპრილს  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხდა. მთვრალმა პოლიციელმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი აივნიდან  რატომღაც  ცეცხლი გახსნა და მეზობელ კორპუსში მცხოვრები თამარ ანთელავა საკუთარ სახლში მოკლა. 

ამ წლის ყველაზე რეზონანსული კრიმინალური შემთხვევის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ  პირველად ტელეკომპანია მთავარის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 22 ივნისს შეიტყო.

იმ დღეს სამძებრო სამაშველო ოპერაციების შემდეგ მდინარე არაგვში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ოთხი დღით ადრე იყო გაუჩინარებული.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიჭი სასტიკად იყო ნაცემი და მოკლული იყო, თუმცა რომ არა მედიის აქტიურობა შესაძლოა ამ საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია სულაც არ ჰქონოდა და უბედურ შემთხვევად დარჩენილიყო. 

დღეს გიორგი  შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობის გამო რამდენიმე პირია დაკავებული, თუმცა საზოგადოებაში კვლავ რჩება ამ საქმის არსებული პასუხგაუცემელი კითხვები.  

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის საქმეა. 

დღემდე ოჯახის წევრებიცა და ადვოკატებიც სვამენ კითხვებს, რომლებზეც გამოძიებას პასუხები არ გააჩნია, შესაბამისად ისინი  დარწმუნებულები არიან, რომ 22 წლის პროგრამისტს თავი არ მოუკლავს და ის კარგად დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლია, შესაბამისად  პროკურატურისგან სრული და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას ითხოვს, თუმცა ძალოვანი უწყება შეუვალია და  ის საქმეზე ძიების გაგრძელებას აღარ აპირებს. 

2020 წელ ყოფილი შეყვარებულები თუ  ქმრები ცოლებს არამხოლოდ ქუჩებსა თუ სახლებში კლავდნენ, არამედ იყო კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა კაცმა საკუთარ პარტნიორს პირდაპირ განქორწინების წინ, იუსტიციის სახლში გამოჭრა ყელი. მთლიანობაში წელს ფემიციდის 20-ზე მეტი შემთხვევა იყო. 

წელს განსაკუთრებული შემოტევა იყო არასრულწლოვანთა ბანდებისა და წვრილმანი ხულიგნების. 

არასრულწლოვნები რამდენიმე წუთში პირწმინდად წმენდნენ ტექნიკის მაღაზიებს, რომელთა მეპატრონეებმაც  გახშირებული ძარცვების თავიდან ასაცილებლად მაღაზიებს 90-იანი წლების ტრადიციების გათვალისწინებით რკინის გისოსები მალევე ჩამოაფარეს. 

წვრილმანი ხულიგნები წელს საკრებულოს სხდომებზე და სასამართლოს დარბაზებშიც გამოჩნდნენ. საკრებულოელმა ხულიგნებმა სამიზნედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს, ხოლო მთავრობის წახალისებით მოქმედმა ხულიგნებმა, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორზე სცადეს ანგარიშსწორება. 

კრიმინალური სამყაროდან წელს ჩვენი არხისა და განსაკუთრებით ჩვენი გადაცემისთვის საგანგაშო სიგნალებიც წამოვიდა. 15 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სუს-მა დააკავა ვინმე ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის სტატისტიკამ შარშანდელ მონაცემებს თითქმის ორი ათეულით გადაუსწრო და ამ მომენტისთვის 77 ერთეული შეადგინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი