ახალი წლიდან დენის ტარიფი, სავარაუდოდ, 10 თეთრით გაძვირდება. ელექტროენერგიაზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია ენერგო-პრო ჯორჯიამ გაავრცელა.
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კი, პასუხისმგებლობას "სემეკს" აკისრებს და ამბობს, რომ სახელმწიფო "სემეკსა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის ვერ ჩაერევა.
"კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების კალკულაციას და დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია - სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას, უსაფრთხოდ მიაწოდოს ელექტროენერგია მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს, არ ჩავერევით მათ კომპეტენციებში", - ამბობს ნათია თურნავა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია კი ამბობს, რომ
"სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა დაასრულა აუდიტი, ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ გვაქვს. კომისია იმსჯელებს ხვალ კომისიის სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს ობიექტურ, დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ობიექტური", - ამბობს დავით ნარმანია.
დენის ფასის ცვლილება ძალაში 1 იანვრიდან შევა.