რუსთავში დარუპული 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრებს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. ტრაგიკული შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტახნით ადრე მოხდა. ფოლანდაანკარში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა.
ირკვევა, რომ 21 დეკემბერს ცოტნე აღდგომელაძე ბიძასთან ერთად სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც ერთერთ ადგილობრივთან მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა ბიძამ ურჩია მას, რომ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა. სწორად ამ მიზნით მოზარდი კუთვნილი მოპედით წავიდა, არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირი მას ავტომანქანით დაეჯახა.
გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ მოზარდის ბიძა, რომელიც ფაქტის ერთადერთი თვითმხილველია და საქმის მთავარის მოწმე მომხდარის დეტალებს მალავს, გამოძიებასა და არასრულწლოვანის ოჯახის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის.
"ჩვენი სურვილით წავედით გუშინ პოლიციაში, რომ გაგვეგო, რა მოხდა. ვკითხულობდი ჩვენებას, მანამდე ბიძა ვნახე, რასაც აქ გეუბნები ის მიწერია ჩვენებაშიო. რომ წავიკითხე, რაც იქ ეწერა, ჩემთვის ასე არ უთქვია. გამოვედი აღელვებული, მოვწიე სიგარეტი, შევდივარ და ჩვენება გაქრა, აღარ არის ის ჩვენება, დაიკარგა, ვეკითხები - სად არის ჩვენება? - აქ აირია ფურცლებშიო. განა ვერ იპოვეს, არ იპოვეს", - ამბობს არასრულწლოვანის მამა.
"გაირკვა, რომ ჩხუბი ჩემმა ძმამ დაიწყო და ახლა შეიძლება ფიქრობს, რომ გაირკვევა, რომ ჩხუბი ამან დაიწყო და დაიჭერენ... თავის დროზე, სახლშიც არ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ასეთი რაღაც მოხდა", - ამბობს გარდაცვლილის დედა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მკვლელობის სავარაუდო მოტივად შურისძიებას ასახელებენ და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
გამოძიება დაწყებულია 276-ე და 128-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას.
ავტორი: დეა მამისეიშვილი