რას ემსხვერპლა 17 წლის მოზარდი - "ოქროს მოწმე" ბიძა სხვადსხვა ვერსიას ყვება

გამოქვეყნდა:

21 დეკემბერს დაღუპული ცოტნე აღდგომელაძე ბიძასთან ერთად ფოლადაანთკარში ნათესავების მოსანახულებლად წავიდა. 

იმავე საღამოს, სოფლის მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მისულებს, ადგილობრივი დაუპირისპირდათ. კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ ბიძამ დისშვილს ადგილიდან გარიდება ურჩია. გზაზე მოპედით მიმავალ 17 წლის ცოტნე აღდგომელაძეს კი მათთან დაპირისპირებული ზანდარაშვილი ავტომობილით დაეჯახა.

მომხდარის ერთადერთი და მთავარი თვითმხილველი 17 წლის ბიჭის ბიძა იაგო ჯიქურია, თუმცა ის დაღუპულის ოჯახს და გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგოს უყვება. 

ბიძის მხრიდან ინფორმაციის დამალვას, გამომძიებლების უცნაური ქცევაც ემატება. იაგო ჯიქურის ჩვენების წასაკითხად მისულ ჯიმშერ აღდგომელაძეს გამოკითხვის ოქმი დაუმალეს.

რატომ მალავს საქმის მთავარი მოწმე მომხდარის დეტალებს - 17 წლის ბიჭის ოჯახი იაგო ჯიქურზე ზეწოლას და შანტაჟს არ გამორიცხავს. თუმცა ფიქრობენ, რომ შესაძლოა დაღუპულის ბიძას გისოსებს მიღმა აღმოჩენის ეშინოდეს და მისი დუმილის მოტივიც ეს იყოს. იაგო ჯიქურმა გამომძიებლებს დღეს განმეორებით უპასუხა, თუმცა მედიის კითხვებს დაემალა.

გარდაცვლილის დედის სიტყვები გამართლდა. ფოლადაანთკარში ყველა უარყოფს, რომ რაიმე გაიგო ან დაინახა. მათ შორის არაფერს ამბობენ, იმ მაღაზიაშიც, რომელიც დაპირისპირების ეპიცენტრი იყო.

ვიდრე სოფელი დუმს, სამართალწარმოების პროცესი გრძელდება. თუმცა, საქმის გამომძიებელი არაფერს ამბობს და ტრადიციულად, უწყების პრესსამსახურთან გვამისამართებს.

დაკავებულ ვანო ზანდარაშვილს გამოძიება განსაცდელში მყოფი პირის მიტოვებას და საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. თუმცა გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შემთხვევითობის არ სჯერა და სურთ, რომ 45 წლის ბრალდებულის მიმართ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი