საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო.
ამით საკონსტიტუციომ საიას სარჩელი - ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, დააკმაყოფილა:
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12 საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში. პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ - ნათქვამია "საიას" ინფორმაციაში.
ახლა საქართველოს პარლამენტს 2021 წლის 1 ივნისამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს და დაადგინოს უფრო მცირე ადმინისტრაციული დაკავების ვადა იმ პირებისათვის, ვისი დაკავების 12 საათი იწურება სასამართლოს არასამუშაო დროს.