დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.
ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 29 დეკემბერს დატოვა.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. მოზარდების დაპირისპირებისას 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.
საქმეზე ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.
ჯანაშიას უზენაესი სასამართლოს მიერ დამტცკიცებული საპროცესო შეთანხმებით მსჯავრი 10-დან 8 წლამდე შეუმცირდა, საიდანაც 4 წელი მას საპატიმროში უნდა გაეტარებინა, ხოლო დარჩენილი 4 კი პირობით მსჯავრად ჩაითვლებოდა. ჯანაშიას მსჯავრი მომდევნო წელს იწურებოდა, თუმცა ის კომისიამ გაათავისუფლა.