2021 წელი ქვეყანაში განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებით დაიწყო. მარტყოფში ივანაშვილების ოჯახში 23 წლის მამაკაცმა საკუთარ ბიძას სანადირო თოფიდან ესროლა და მუცლის არეში დაჭრა.
გასროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც საახალწლო სუფრაზე დაიწყო.
დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მისი სიცოცხლის გადასარჩენად რუსთავის კლინიკის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.
23 წლის მამაკაცი შსს-მ დააკავა და გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყეს.
ღამის საათებში მკვლელობა მოხდა ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში. ცივი იარაღით მოკლულია 45 წლის მამაკაცი, დაჭრილია იმავე დასახლების კიდევ ერთი მკვიდრი.
კონფლიქტი სწორედ მოკლულის სახლში დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე, რომლიც ასევე "ოცნების ქალაქის" მცხოვრებია, უკვე დაკავებულია. კონფლიქტის მოტივად თვეების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
აბაშაში, სოფელ სამიქაოში მეზობლები ერთად აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და ერთმა მეორე მაკრატლით დაჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ ზვიად დარსმელიძეს საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, სავარაუდო ეჭვმიტანილი თემურ კაჭარავა კი პოლიციას მოგვიანებით თავად ჩაბარდა.
კიდევ ერთი მკვლელობა ახალი წლის ღამეს ბორჯომში მოხდა, როცა დედამ საკუთარი შვილი მოკლა. მეზობლები ყვებოდნენ, რომ 41 წლის იგორ პოსტნიკოვი დედაზე მუდმივად ძალადობდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნინოწმინდაში, სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ფონზე ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ერთერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დანაშაულის მკვეთრ ზრდას საახალწლო სუფრებს უკავშირებენ. თუმცა განსაკუთრებით მომატებული კრიმინალური შემთხვევები სტატისტიკას გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდის.
ავტორი: საბა ბუაძე