პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის, თქმით, ამნისტია 800-ზე მეტ პირს შეეხება.
"მოსალოდნელია რომ ეს რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე პირველი მოსმენის დროს იყო, განმარტებით ბარათში რაც არის მითითებული 800, სავარაუდოდ, 800-ზე მეტს შეეხება, ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა გაგვიჭირდება, წინაპირობებზეა დამოკიდებული", - ამბობს სარჯველაძე.
მისივე თქმით, მსჯავრდებულების ნაწილს თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეეცვლება, მათ შორის, არასრულწლოვნებსა და სტუდენტებს.
"საკმაოდ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შეეხება ამნისტია და დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, ისევე როგორც სხვა სტატუსის მქონე პირებს შეეცვლებათ სასჯელები. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი შვილების დედებს, ასევე სტუდენტებს, გარკვეული დათქმებით, კონკრეტული კატეგორიის დანაშაულების მიმართ ვინც არიან მსჯავრდებულები, თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეეცვლებათ. ასეთი დათქმა უპირობოდ ვერ იქნებოდა შემოღებული, შესაბამისად, განსაზღვრულია კონკრეტული ხასიათის დანაშაული და წინაპირობა, რომლის დაკმაყოფილებითაც შესაძლებელია შინაპატიმრობით სასჯელის შეცვლა"
მან ასევე თქვა, რომ ამნისტიას 30-ზე მეტი მუხლი დაემატა.
"გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები, კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ 30-ზე მეტი მუხლი, კონკრეტული დანაშაული დაემატა, რომელიც პირველად რედაქციაში არ ყოფილა შესული. დამამძიმებელ გარემოებებს შეეხო, ისეთებს, რომელიც შესაძლებელი იქნა სხვადასხვა კონსულტაციების შედეგად. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა რამდენიმე დანაშაულმა, მათ შორის ნარკოტიკულმა, ეკონომიკური სახის დანაშაულებმა, რომელთა მიმართაც გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. გარკვეულ კატეგორიას, დანაშაულებისა, კვლავაც არ შეეხო ამნისტია, მათ შორის, ბუნებრივია მოიაზრება ოჯახში ძალადობის საკითხები, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სამოხელეო დანაშაულები და ასე შემდეგ"
ამასთან, სარჯველაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
"მინდა შევუერთდე ამ განცხადებას და ვთქვა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში ნამდვილად არ გვყავს. ამისთვის არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს, რომ მსგავსი დასკვნა გაკეთდეს, როგორსაც ოპოზიცია გვთავაზობს"
რაც შეეხება ამნისტიის აღსრულების ვადას, სარჯველაძის თქმით, განსაზღვრული ორი ვადიდან, ერთერთი 6 თვეს შეადგენს, რა დროსაც მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა ამნისტიის წინაპირობები დააკმაყოფილონ.