ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. კილაძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ინფორმაციას მალავს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აშინებს.
"უთხრეს, რომ არ უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე და ცნობით გაატანეს გარდაცვლილი, რომ ის იყო განთავისულებული პენიტენციური სისტემიდან და იმ მომენტისთვის, როდესაც გარდაიცვალა პატიმარი არ იყო... პატიმრები ითხოვენ დახმარებას მაგრამ დაბლოკილია ჩემი ტელეფონიც და "მთავარი არხის" ტელეფონებიც, რომ მათ ხმა ვერ მიაწვინონ ჟურნალისტებს", - ამბობს ელისო კილაძე.
ციხეებში კოვიდინფიცირებულ პატიმრებზე საუბრობს ადვოკატი ლექსო კობაიძეც და ამბობს, რომ მათი რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათ შორის არიან მძიმე პაციენტებიც, თუმცა პენიტენციური სისტემა ამ ინფორმაციასაც მალავს.
"პასუხისმგებლობა არის პენიტენციური სამსახურის ხელმძვანელზე, რადგან ის მალავს, რომ უამრავ პატიმარს აქვს კოვიდი და არ უნდა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს, რომ იქ [სასჯელაღსრულების დაწესებულებებში] კოვიდია", - ამბობს ლექსო კობაიძე.
შეგახსენებთ, რომ ქალთა N5 ციხეში, 23 პატიმარს კორონავირუსი 3 იანვარს დაუდასტურდა და ისინი ციხის საკარანტინე ზონებში იმყოფებიან. პენიტენციურმა დაწესებულებამ დღეს მხოლოდ ეს ინფორმაცია დაადასტურა და განცხადება გაავრცელა.