NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია - 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" შესასრულებლად 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სმაინისტრო ავრცელებს. 

"მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი  ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე  გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება)  გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს", - ნათქვამია უწყვების განცხადებაში 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შესრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საერთაშორისო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.

ავღანეთში, სამშვიდობო ოპერაციებში საქართველო 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. ამ დრომდე მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით.  

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი