სპეციალური პენიტენციური სამსახური ციხეში ერთერთი პატიმრის დაინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და სიცრუეს უწოდებს.
"მორიგი სიცრუეა ადვოკატის განცხადება, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი covid-19-ით პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა covid-19-ით და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ადვოკატი კიდევ ერთხელ ცრუობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით.
სინამდვილეში ადვოკატ კობაიძის დაცვის ქვეშ მყოფი გ. გ, რომელიც სამართალდამცავებმა საქართველოს სსკ 126-ე (ძალადობა) მუხლით დააკავეს, N8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 2020 წლის 20 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს, ფსიქიატრის რეკომენდაციით, გადაყვანილი იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში. სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაყვანილ იქნა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი.
ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს ბრალდებული გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე"