ევროკავშირი ეძებს გზებს, რომ გააფართოვოს მეზობელი და არამოკავშირე წევრი სახელმწიფოებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფა.
სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების წვდომას კორონავირუსის ვაქცინაზე.
დიპლომატები ევროკავშირს მოუწოდებენ, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, ვაქცინის მიღებას გაუადვილებს.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის კონტექსტში ჩვენ უნდა გავაგზავნოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ძლიერი და კოორდინირებული შეტყობინება. ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის მხარდაჭერა ვაქცინებზე წვდომის საკითხში ასეთი გზავნილის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება", - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
ხელმომწერი სახელმწიფოების სია ასეთია - ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი.