კოვიდ 19-ს კიდევ ერთი 22 წლის გოგო ემსხვერპლა, თამარ ჟღენტი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ფილტვის 20%-იანი დაზიანებით 12 დეკემბერს შეიყვანეს. მკურნალობის დაგვიანებით დაწყების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ის ფაქტი რომ კორონავირუსი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება, აღიარა ჯანდაცვის სამინისტრომ. დღეისათვის გატესტილი პაციენტებიდან დადებითი მაჩვენებელი 11 პროცენტზე მეტია, სტატისტიკით კი საგანგაშო მაჩვენებლად 5 პროცენტი ითვლება. კიდევ ერთი აღიარება, რომელიც დღეს თამარ გაბუნიას მოუწია, ისაა რომ სისტემა ახალ, მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს.
გენეტიკოსები ამბობენ, რომ ეს ერთადერთი სიმართლეა, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მოისმინეს. მმართველ გუნდს ახსენებენ, რომ ამ კოლაფსის მიზეზი ერთია - კოვიდის სამართავად გამოყენებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუფციული სქემები.
მმართველი გუნდი ეპიდვითარების გართულებაზე პასუხისმგებლობას იხსნის. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ეს ყველაზე უგუნური ქმედებაა, რაც კი კოვიდ ვირუსის გავრცელების პირობებში მმართველ გუნდს ჩაუდენია, ამას ემატება მოუწესრიგებელი კლინიკები და ისევ გადამზადების გარეშე დარჩენილი ექიმები.
მმართველ გუნდს პრევენციული ზომების გატარებას დაუყოვნებლივ სთხოვს კლინიკების ასოციაციების პრეზიდენტი.
მასობრივი ტესტირება კარდაკარის პრინციპით, სავალე ჰოსპიტლების მომზადება, ფრენების სამი კვირით შეწყვეტა, ზიარების წესის შეცვლა - ესაა ის მთავარი რეკომენდაცია, რომელითაც დღეს ასოციაციის პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა, წინააღმდეგ შემთხვევაშიო ჯანდაცვის უწყების სრული ჩამოშლა დააანონსა.
ამ განცხადებას დღეს სამთავრობო ტრიბუნიდან ცინიზმით უპასუხეს. კლინიკების წარმომადგენლებს პირდაპირ უთხრეს, რომ არცერთ ამ რეკომენდაციას მმართველი გუნდი არ შეასრულებს, სავალე ჰოსპიტლების ფუნქციას კოვიდ სასტუმროები ითავსებს - გასაფართოებელი ტესტირება კი უკვე გაფართოებულია.