აბაშაში, შობის ღამეს, 81 წლის პენსიონერი დააყაჩაღეს და სცემეს

გამოქვეყნდა:

აბაშაში, სოფელ კეთილარში, შობის ღამეს, 81 წლის პენსიონერი შახი გუგუშვილი დააყაჩაღეს და სცემეს. 

ორი ნიღბიანი შეიარაღებული მოხუცს საკუთარ სახლში თავს სწორედ მაშინ დაესხა, როცა ის ფანჯარასთან საშობაო სანთელს ანთებდა.

მეზობლების თქმით, თავდამსხმელები მოხუცს ეუბნებოდნენ, რომ ჰქონდათ ინფორმაცია წინადღეს მის მიერ საქონლის გაყიდვის შესახებ და ფულს ითხოვდნენ. მათივე თქმით, გუგუშვილმა მათ 500 ლარი მისცა, თუმცა, ყაჩაღებს თანხა ეცოტავათ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოხუცს ბლაგვი საგნით სცემდნენ და აიძულებდნენ, მეტი ფული გამოეტანა. 

"მთავარის" ინფორმაციით, გუგუშვილის სახლი თავდამსხმელებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც მოხუცმა გონება დაკარგა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, მოხუცი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ხოლო მაშინ, როცა ის უკან, სახლში მოჰყავდათ, პოლიციამ შეამჩნია, რომ "მთავარის" გადამღები ჯგუფი დაზარალებულის ეზოში მუშაობდა, ამიტომაც სახლთან მანქანა არ გააჩერეს და პენსიონერი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

დაზარალებულს "მთავარმა" სენაკში, კლინიკა "არქიმედეში" მიაკვლია, სადაც ის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. პოლიციელებმა და მედპერსონალმა "მთავარს" დაზარალებულთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება არ მისცა იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულის ოჯახის წევრებს ამის სურვილი ჰქონდათ - შახი გუგუშვილი პალატაში ჩაკეტეს, "მთავარს" კი ტერიტიორიის დატოვება მოსთხოვეს. 

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

ავტორები: ემა გოგოხია, ქეთა ციცქიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი