ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრი ალექსანდრე ანქვაბი შემდგომი მკურნალობისთვის რუსეთში გადაჰყავთ - ალექსანდრე ანქვაბი კოვიდინფიცირებულია, მისი მდგომარეობა კი ბოლო 24 საათის განმავლობაში დამძიმდა, - ამის შესახებ "ლაიფ აბხაზია" იტყობინება.
ანქვაბს კოვიდდიაგნოზი 30 დეკემბერს დაუსვეს, 7 იანვარს კი კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ მას მკურნალობა რუსეთში გაეგრძელებინა.
ამავე დროს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ის ისევ პრემიერმინისტრადაა მითითებული და არაფერია ნათქვამი იმ პირზე, ვინც მის მოვალეობას გამოჯანმრთელებამდე შეასრულებს - ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას მოვალეობის შესრულება უკლვე დისტანციურადაც აღარ შეუძლია.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. პრემიერმინისტრად 2020 წლის აპრილში დაინიშნა, ის სხვადასხვა დროს იყო თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი და შს მინისტრი. ალექსანდრე ანქვაბი 68 წლისაა.