დუისის მოსახლეობა ტერორიზმის ხელშეწყობისთვის დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობის სოფელ დუისში საპროტესტო აქცია გაიმართა - ხეობის მოსახლეობა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას, ან მათთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს.

ისინი მიიჩნევენ, რომ ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებულ მსჯავრდებულ 4 ახალგაზრდას ამნისტია უნდა შეეხოს, რადგან მათ დანაშაული გაუცნობიერებლად ჩაიდინეს და მათი ტერორისტებად მოხსენიება არასწორია. ხეობაში არც ძალოვანი უწყებების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ამართლებენ და მას მოსახლეობის დაშინების მცდელობად აფასებენ.

პანკისის ხეობის უხუცესების ინიციატივით, სოფლებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, რასაც შემდგომში საქართველოს პარლამენტს შუამდგომლობისათვის გადაუგზავნიან.

ცნობისთვის, სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერ გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც აიყვანა. მათ შორის იყო ბაადურ ჩოფანაშვილიც, რომელიც შემდეგ გაათავისუფლეს.  

ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავებოდა. სწორედ ამ ოპერაციის დაწყებას ემსხვერპლა ვახა მაჩალიკაშვილის 19 წლის შვილი - თემირლანი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი