დაპირისპირება სარაგბო სამყაროში გრძელდება - რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი ისევ სადაოა. ახალარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს უფლებამოსილება საჯარო რეესტრმა შეუჩერა. მიზეზი კი საერთო კრების დარღვევებით ჩატარება გახდა.
ირაკლი აბუსერიძე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ვერც ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ხედავს. მან დღეს პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ აპირებს საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.
"საჯარო რეესტრს შეუძლია უფრო მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად დაახარვეზოს, თორემ იმიტომ არა, რომ მე უფლებამოსილება შემიჩეროს, ამის შემდეგ არსებობს სასამართლო და თუ ვინმეს დავა უნდა, კიბატონო ვიდაოთ. იცით, რომ რუსეთთან თამაში გვიახლოვდება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სხვა დატვირთვისაა, ასევე, წლევანდელი წელი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია და ყველანაირად ხელს უშლიან, რომ რაგბი არ განვითარეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამის საშუალებას არ მივცემ", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
საპასუხო პრესკონფერენციას არჩევნებში აბუსერიძის კონკურეტნი, ბაჩო ხურციძე ცოტახანში გამართავს.
შეგახსენებთ, არჩევნები რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა. მასთან ერთად პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე.