ნუ აყვებით ერთი და იმავე სცენარით დაწერილ პროვოკაციებს - ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი ბოლო დროს, ანტისემიტურ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ორი ერის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ცალკეული განცხადებები ვერ შეარყევს. 

მე სრულიად თამამად ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ - ანტისემიტიზმი სუნთქავდეს, ამიტომ ყოველთვის დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის ებრაელთა თემის მოძულე და ვერავის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზები და კათხაში ატეხილი ქარიშხალი ვერ შექმნის ამ ილუზიას, ამიტომ იყუჩე მტერო! არც ამ თემის საზოგადოებაში ტირაჟირებაა გონივრული, რადგან პირველ ყოვლისა, პროვოკაციების სამიზნედ ვხდით და ამავდროულად, ბევრ ლაპარაკში შეცდომასაც ბევრს ვუშვებთ და უნებურად შეიძლება უკვე შეხორცებულ ჭრილობას შევეხოთ და განა ტკივილი გვაკლია ჩვენ? - ნათქვამია მიმართვაში

იაკობი მოუწოდებს "გონიერ საზოგადოებას" ამ თემაზე არსებულ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. 

დიპლომატიის დაუწერელი კანონი გახლავთ, მოლაპარაკების მაგიდასთან განსხვავებებზე აპელირებით მშვიდობას ვერ დასთეს და ვერც მოიმკი. ჩვენმა წმინდა მამებმა ყოველთვის შესანიშნავად უწყოდნენ, რომ სარწმუნოებრივი იდეოლოგიის მხრივ ქართველებსა და ისრაელიანებს შორის უფრო მეტი საერთოა, ვიდრე სხვაობა. და ეს საერთო - ერთი უფალი ღმერთია, მხედართმთავარი ცისა და ქვეყნის, ხოლო სადაც გამჩენი სუფევს, არაა ადგილი სიძულვილისა.

ამიტომ მე ვწყვეტ ამ თემაზე პოლემიკას. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ისტორიის მიერ და იგი ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში ძევს. მოვუწოდებ გონიერ საზოგადოებას, ნუ აყვებით ერთი და იმავე სცენარით დაწერილ პროვოკაციებს, ნუ გააღვივებთ შუღლს, სთესეთ მშვიდობა - ეს დიდი მადლია.

ღმერთმა დალოცოს ისრაელი და საქართველო, ებრაელები და ქართველები, მადლობა გამჩენს ჩვენი ღირსეული წარსულისათვის და კიდევ უფრო ღირსეული მომავლისათვის - ნათქვამია რაბინის მიმართვაში

ცნობისთვის, საქმე ეხება ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ ილია კარკაძისა და მეუფე იოანეს ანტისემიტურ განცხადებებს.

სასულიერო პირის გამოსვლას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის განცხადებაც მოჰყვა, რომელიც ასევე იყო დადანაშაულებული ანტისემიტზმში.

სკანდალს საქართველოში ისრაელის ელჩიც გამოეხმაურა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

ანტისემიტიზმი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი