დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება ანტისემიტური იყო - ანტისემიტიზმში დადანაშაულებული მეუფე იოანე

გამოქვეყნდა:

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) აცხადებს, რომ მისივე ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება ანტისემიტური პათოსითაა გამსჭვალული. ეს მაშინ, როცა ანტისემიტურ ქადაგებაში დეკანოზ ილიამდე თავად მიტროპოლიტი იონე დაადანაშაულეს და საპატრიარქოსაც მოუწოდეს, რომ მის ქადაგებაზე რეაგირება ჰქონოდათ. 

"ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი", - წერია მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაში.

მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო. 

ორივე ქადაგებას რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი," რომლის შეფასებითაც, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანეს 20 დეკემბრის ქადაგება საეკლესიო ანტისემიტიზმი იყო. 

მათივე თქმით, დეკანოზმა ილია კარკაძემ იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში თქვა, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან". ილია კარკაძის თქმით, მიტროპოლიტი იოანე საკუთარ ქადაგებში ფაქტებს ყვებოდა: 

"აი მე რომ წავიკითხო მაგალითად, აბელის წინასწარმეტყველება ხო, და აბელს უწერია რომ ურიებიო, დაგესლავენ რუსეთსო და ფაქტია, ეს რომ ასეა კაცო", - ამბობს ის.

დეკანოზი ამბობს, საბჭოთა პერიოდში ებრაელებს დიდი გავლენა ჰქონდათ სტალინზე, თუმცა მისი მოტყუება ვერ მოახერხეს, რადგან "დიდი გენია" იყო.

იონაე გამრეკელი მისი ქადაგების წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს "ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებულ კამპანიას" უწოდებს.

TDI-ს პოზიციით, ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმად მთელი ებრაელი ერი, კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო.

საპასუხო წერილში, იოანე გამრეკელმა აღნიშნა, რომ ქადაგება სინამდვილეში არ იყო ანტისემიტური და მას ეთნიკური ნიშნით არ გამოურჩევია ებრაელები. მისი თქმით, ისტორიულ წარსულში იუდაურ თემსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტს "რელიგიური ელფერი" ჰქონდა, ყველაფრის საფუძველი კი "ვერრეალიზებული ამბიცია" იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრირქოს ეპისკოპოსის ანტისემიტურ ქადაგებაზე პოზიცია არ გამოუხატავს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი