გარდაბნის სოფელ ნაზარლოში 23 წლის ბიჭმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გოგო გაიტაცა. სოფელში ამბობენ, რომ შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. 2005 წელს დაბადებული გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის პოლიციამ 4 პირი უკვე დააკავა. ადგილორბივები ამბობენ, რომ ოჯახებს შორის შერიგება მოხდა და არაა გამორიცხული, რომ სასამართლომ დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლოს.
"ნამდვილად მოხდა ეს ფაქტი, აქვე ცხოვრობენ ორივე ოჯახი, ბიჭის და გოგოს ოჯახები ახლო ნათესავები არიან, დაახლოებით ერთი კვირის, 10 დღის წინ მოხდა, ქალები სამი დღის წინ დააკავეს. ბიჭის დედა და ახლო ნათესავები იღებდნენ მონაწილეობას გატაცებაში. გოგონა დაუბრუნეს ოჯახს", - ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.