გენერალური პროკურორი ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესის ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო
ირაკლი შოთაძის თქმით, მსაჯულების შერჩევის გამო, ხშირად სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება და შექმნილია ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმუშაოს
ყველანი ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ ამ შერჩევის პრობლემების გამო, ხშირ შემთხვევაში სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება. შესაბამისად, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა იმუშაოს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილების არსებობის წინაშე რეალურად ვდგავართ. შესაბამისად, ეს მუშაობა 2021 წელს აქტიურად წარიმართება და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რათა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და ის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის გაჭიანურებაში მდგომარეობს, გადაიჭრას - ამბობს შოთაძე
საქართველოში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, 2010 წლიდან ამოქმედდა.
არსებობის ათწლიანი პერიოდის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სულ 48 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის 39 საქმე - სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) ან/და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით, რომელთაგანაც 31-ზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე, 8 - სამოხელეო და ფინანსური, ხოლო 1 ოჯახური დანაშაული.
2020 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველად გაიმართა ოჯახური დანაშაულის საქმის განხილვა, რომელიც გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა.