ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება - განცხადება ამის შესახებ საქმის პროკურორმა გააკეთა.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება გამოძიებას აგრძელებს ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტორაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ, უახლოეს მომავალში არსებითად განსახილველად წარიმართება სასამართლოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და გამოძიების შედეგების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება“, – ამბობს პროკურორი მიხეილ სადრაძე.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.