გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კოვიდ19-ის ვაქცინა უნდა შემოვიდეს უკვე შემუშავებულია. კოვაქს პლატფორიდან საქართველოში ვაქცინა მარტის ბოლომდე შემოვა, თუმცა რომელი უცნობია.
ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ეს ფაიზერის ვაქცინა იქნება, თუმცა ზუსტად ჯერ არც ეს იციან.
ვარაუდების მიუხედავად ქვეყანას ვაქცინის შესაძენად, რომლის არც ეფექტიანობა ვიცით და არც ხარისხი უკვე გადარიცხული აქვს 4 მლნ დოლარი. შემოტანილი ვაქცინით კი პირველ რიგში ეპიდემიასთან პირველ ხაზზე მებრძოლი ექიმები აიცრებიან. აცრის შემდეგ კი რა გვერდითი მოვლენები გამოიკვეთება უცნობია.
კოვაქს პლატფორმაში საქართველოსთან ერთად უამრავი ქვეყანა ვაქცინის მიღებას ელოდება. პირველ ეტაპზე ქვეყნებში ვაქცინის მხოლოდ 20% შემოვა.
აიცრებიან რისკ ჯგუფში შემავალი პირები, როდის მოხდება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისათვის საჭირო ვაქცინის შემოტანა უცნობია. ჯანდაცვის სამინისტრომ კი კოვაქს პლატფორმას უნდა დაუმტკიცოს რომ ვაქცინის მისაღებად ქვეყანა მზადაა.
ამირან გამყრელიძე კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოსახლეობის 50-დან 60%-მდე უნდა აიცრას. ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, წლის ბოლომდე მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეძლებს საჭირო დოზების შეძენას.
ვაქცინის მისაღებად შემუშავებული გეგმა ჯერჯერობით უცნობია. გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძეს კი ჯანდაცვის სამინისტროსთან, გეგმის შემუშავების მიუხედავად, ბევრი კითხვა აქვს. მისი მტკიცებით მმართველი გუნდი ვირუსს ეფექტურად ვერ მართავს და ვაქცინის არ არსებობის ფონზე არც მესამე ტალღისთვის არის მზად.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და ექიმები ამტკიცებენ, რომ გეგმის შემუშავება დაგვიანებულია, რადგან ახლა გეგმის შემუშავების ნაცვლად ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაწყებული უნდა იყოს. ექსპერტების მტკიცებით კოვაქს პლატფორმის სიაში ფაიზერის ვაქცინა საერთოდ არ იძებნება, ამიტომ მათთვის გაუგებარია რომელი კომპანიის ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი და რამდენი პირისთვის.
60%-მდე მოქალაქეების აცრა ჯამში 170 მლნ დოლარი დაჯდება. კოვიდ 19-ის ეროვნული გეგმა კი მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ კოვაქს პლატფორმას გადაეგზავნება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ გეგმა დაიწუნონ და ჯანდაცვის სამინისტროს შესაცვლელად გადმოუგზავნონ. კითხვები კი გეგმის მიუხედავად კვლავ რჩება - რომელი და რამდენად უსაფრთხო ვაქცინით ავიცრებით.