მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი - ბაჩალიაშვილის შეტყობინება მეგობარს

გამოქვეყნდა:

მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო - ეს არის გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო წერილი, რომელიც მეგობარს მიწერა.

ოჯახის ადვოკატმა ეს წერილი, სხვა შეტყობინებებთან ერთად დღეს გენერალურ პროკურატურაში დატოვა და შოთაძის უწყებას ახალი გარემოებითა და მტკიცებულებით დაინტერესება მოსთხოვა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს არის მტკიცებულება, რომ პროგრამისტი საფრთხეს გრძნობდა, რაც ცვლის გამოძიების ვერსიას, რომლის მიხედვითაც თამარ ბაჩალიაშვილი სუსტი ფსიქიკის  იყო და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებულია ამ მტკიცებულებით დაინტერესდეს და გამოჰკითხონ გოგო, რომელმაც ეს მტკიცებულება საქმის ადვოკატს გადასცა, თავად კი გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არ ყოფილა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს არ იქნება ერთადერთი მოწმე რომელიც საქმეში გამოჩნდა და რომლის ჩვენებაც მთავარ გარემოებებს შეცვლის. 

გამოძიების განახლებისა და ოჯახისთვის წართმეული დაზარალებულის სტატუსის დაბრუნების მოთხოვნით, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა შოთაძის უწყებაში სარჩელი შეიტანეს. ისინი დაუყოვნებლივ ითხოვენ, გენერალურმა პროკურორმა შეასრულოს გამოძიების პირველ ეტაპზე გაცემული დაპირება და ჯერ განაახლოს დახურული საქმე და ძიება ორგანიზებული მკვლელობის მუხლით დაიწყოს. 

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში მაწევნის მინდორზე იპოვეს. ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. 

ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი