გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალის" საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმები ამბობენ, რომ დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული, ორ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციას დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ავტორი: ია გულიაშვილი