დაპირისპირება გიორგი "დიდუბსკის" საფლავზე - დეკემბრიდან ძებნილი 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლიციამ 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავა. საქმე ეხება გიორგი ბურდულის (დიდუბსკის) საფლავზე 29 დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას.

"ძებნილი ორი პირი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში დააკავეს.

1978 წელს დაბადებულ, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ ა.დ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1978 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს კი ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 პისტოლეტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ 2020 წლის 29 დეკემბერს, თბილისში, სოფელ დიღმის ახლოს მდებარე სასაფლაოზე, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და იმ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ თ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან, ბრალდებულ გ.ღ.-სთან ერთად, მისივე ავტომობილით მიიმალა.

ა.დ.-სა და გ.ღ.-ს 2021 წლის 15 იანვარს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება მათ მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გიორგი დიდუბსკი 2014 წელს ნეაპოლში მოკლეს. თავის საცხოვრებელ ბინაში, კომპიუტერთან მჯდომ ბურდულს სნაიპერმა ფანჯრიდან ესროლა - ტყვია თავში მოხვდა. იგი საქართველოს სასჯელაღსრულების ერთერთ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2013 წლის ივნისში საბერძნეთში "მოინათლა." მისი მკვლელობის მცდელობის ერთერთ მოტივად კრიმინალურ კლანებთან კონფლიქტი სახელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი