კასპში მომხდარ თავდასხმაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შსს-ს თანამშრომლებს ყოველგვარი მოტივაცია აქვთ დაკარგული და სამართალს ვერ პოულობენ.
"ყოველგვარი მოტივაცია აქვთ დაკარგული შსს-ს თანამშრომლებს, არ არსებობს სამართლებრივი მიდგომა და ისინი უიმედოდ არიან. მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ამუშავებენ კონკრეტული წრის ადამიანებს, დანარჩენ შემთხვევაში არ არსებოპბს სამართლიანი მიდგომა როგორც რიგითი მოქალაქეებისადმი, ასევე სისტემის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების მიმართ", - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, კასპში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი ამ დროისთვის შიმშილობს და ბრალს არ აღიარებს, ასევე, უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
მძევლების აყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მენაბდიშვილი “მთავარს” დაუკავშირდა და მოუყვა, რომ ის 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში, ერთერთი მეწილისგან ქარხნის 10 პროცენტიც შეიძინა. მას შემდეგ, რაც ქარხანამ მცირე, მაგრამ მოგების მოტანა დაიწყო, მენაბდიშვილს პრობლემები შეექმნა სხვა მეწილეებისგან, რომლებმაც საქმეში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართეს და ახალგაზრდა ბიზნესმენს წილიც წაართვეს და სამუშაოც. მენაბდიშვილმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას, მაგრამ სამართალი ვერ იპოვა, რის შემდეგაც მძევლების აყვანა და შურისძიება დაგეგმა.
16 იანვარს, მძევლებთან ერთად ის რამდენიმე საათის განმავლობაში კასპში, ერთერთ ქვის საამქროში იყო გამაგრებული და რუსეთის მიმართულებით უსაფრთხო გასვლის გარანტიასა და ავტომანქანას ითხოვდა. მოლაპარაკებების შედეგად მენაბდიშვილი ჩაბარდა, ძევლები კი გაათავისუფლა. მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.