საშიშია თუ არა ვაქცინაცია - სკეპტიციზმი და გაურკვევლობა მოსახლეობაში

გამოქვეყნდა:

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 20 დეკემბერს დაიწყო და უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა პირველი დოზა მიიღო. 10 იანვარს განმეორებითი აცრებიც დაიწყო. საშუალოდ დღეში 200 000 ადამიანი იცრება. ვაქცინაციის პუნქტები დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს. აცრაზე ვიზიტს წინასწარ, ინტერნეტით ჯავშნიან. ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების მიღება მოახერხა.

საქართველოში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ექიმებისა და ხანდაზმული მოსახლეობის აცრა უნდა დაიწყოს, მაგრამ ჯერ ისევ არ არის ცნობილი, რომელი კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინებს მიიღებს საქართველო. გაუგებარია, რატომ დაასახელა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ფაიზერის ვაქცინა.

გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია მწარმოებლისგან და მისი გამანაწილებელი პლატფორმისგანაც და გაარკვია, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ფაიზერის ვაქცინის მიწოდება არცერთს არ გადაუწყვეტია.

გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მეორე ბრალდებაა, რომ საქართველოს დღემდე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა, მათ შორის, შეძლებს თუ არა ქვეყანა ფაიზერის ვაქცინის მიღების შემთხვევაში მის მინუს 80 გრადუსზე შენახვას და სათანადოდ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე.

ამის შემდეგ დაიწყო დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საჯაროდ იმის მტკიცება, რომ სათანადო მაცივრები ქვეყანაში ნამდვილად არსებობს და ამირან გამყრელიძემ ორი დღის წინ მხოლოდ შორიდან აჩვენა ჟურნალისტებს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის სამუშაო ვერსია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ნოემბერში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50%-ია მზად კოვიდვაქცინის გასაკეთებლად და სკეპტიციზმის დასაძლევად საინფორმაციო კამპანია იანვრის ბოლოდან დაიწყება.

მცირე გამოკითხვა საქართველოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენც ჩავატარეთ. როგორც ჩანს, უფრო ასაკოვანი ადამიანები არ არიან აცრის მომხრე და ამის მიზეზი შესაძლო გართულებების შიშია.

ექიმი ლელა ინაური-ჰანანი, რომელმაც ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უკვე უამრავ ადამიანს გაუკეთა ამბობს, რომ ფაქტობრივად ყველას ცრიან, მათ შორის ალერგიულ პაციენტებსაც.  

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ექიმმა წინასწარ კარგად გამოკითხოს და მზად იყოს შესაძლო გართულებებისთვის.

მაია გოთუა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, ჩართულია საქართველოს კოვიდვაქცინაციისთვის მზადების სამუშაო პროცესში. ისიც თვლის, რომ ყველა ადამიანი ვაქცინის გაკეთებამდე ექიმმა კარგად უნდა გამოკითხოს. ისინი, ვისაც წარსულში რომელიმე ინექციის დროს ძლიერი ალერგიული რეაქცია ჰქონდა ექიმმა, შესაძლოა, აცრის გაკეთებამდე ალერგოლოგთან გაგზავნოს და აცრის შემდეგაც რამდენიმე საათი დატოვოს სამედიცინო დაწესებულებაში, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დაეხმაროს.

მაია გოთუას თქმით, თუ ქვეყანაში მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინები შემოვა, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიით მზადდება, სანდოობაც მეტი იქნება, ვინაიდან ისინი ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად არის შესწავლილი. ამ ვაქცინების დამზადებისას სიახლე ის არის, რომ მათი ორგანიზმში შეყვანისას დასუსტებული ვირუსი კი არ შედის, არამედ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის უჯრედში ვირუსის მხოლოდ სპაიკებს, ანუ წვეღებს წარმოქმნის, რაც ანტისხეულებს გამოიმუშავებს და იცავს ადამიანს კორონავირუსისგან.

გამოკითხვისას მოსახლეობის ნაწილმა გვითხრა, რომ განსაკუთრებით არ ენდობა ჩინურსა და რუსულ ვაქცინას. 

კორონავირუსის თემაზე ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე კაქტუს-მედიას ჟურნალისტი ცირა გვასალიას თქმით, უნდობლობას მართლაც აქვს საფუძველი, რადგან ჩინური და რუსული ვაქცინებისგან განსხვავებით, ფაიზერისა და მოდერნას განხილვები გამჭვირვალე იყო და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

სპეციალისტების თქმით, თუ რუსული და ჩინური ვაქცინები კომპეტენტური ჯანდაცვის ორგანიზაციების აღიარებას მიიღებენ, ასევე უფრო მისაღები გახდება აცრებისთვის.

კიდევ ერთი საინტერესო კითხვა, სჭირდბა თუ არა აცრა იმას, ვინც კორონა უკვე გადაიტანა და ანტისხეულები გამომუშავებული აქვს. ისრაელში ასეთი ნახევარი მილიონი ადამიანია.

ყველა ვისაც ვესაუბრეთ, ღიად ამბობს, რომ გართულება შეიძლება ნებისმიერ აცრას მოჰყვეს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მასობრივ ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი, თუ ვაქცინაციას სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალი ჩაატარებს, იშვიათ გვერდით მოვლენების მართვა რთული არ არის. სასწორის მეორე მხარეს საერთო მიზანია - პანდემიის დროულად დამარცხება, რაც უამრავი ადამიანის სიცოცხლესა გადაარჩენს და ეკონომიკურ დაღმასვლას შეაჩერებს.

ისრაელში უკვე მედპერსონალი და ორმოცდაათ წელს  გადაცილებული ადამიანები აცრეს, ასევე გაიკეთეს ვაქცინა სკოლისა და ბაგა-ბაღების მასწავლებლებმა, პოლიციელებმა, ჯარისკაცებმა და ბარ-რესტორნებისა ტურიზმისა და სპორტული სფეროს წარმომადგენლებმა. 

ლელა ინაურის თქმით სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ვიდეო კარგად ასახავს სამედიცინო პერსონალის იმ განწყობას, რომლითაც ისინი ვაქცინაციის დაწყებას შეხვდნენ და ეს განწყობა დღემდე გრძელდება, რაც მოსახლეობის აქტიურობაზეც აისახება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი