აკაკი თოხაძის წამება 2011 წლის 16 დეკემბერს, დაკავების პირველივე დღიდან დაიწყო. გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, მას ორჯერ მოუწია იმ ავბედითი "კარანტინის დაშლის" გავლა, რომელსაც პატიმრები "წითელი პარასკევის" სახელით იცნობდნენ.
ამის შემდეგ აკაკის ხერხემლის ტკივილები დაეწყო და ნელ-ნელა გადაადგილებაც გაუჭირდა, თუმცა, დაკავებიდან ორ თვეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად, სულ სხვა კუთხით გართულდა. პატიმარი გამოსაკვლევად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტუბერკულიოზის დამარცხების შემდეგ, აკაკიმ აღმოაჩინა, რომ C ჰეპატიტით იყო დაავადებული, ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირება ციხის საავადმყოფოში მკურნალობის დროს მოხდა. ამ დიაგნოზით ციხეში მყოფ პატიმარს დაუყოვნებელი გათავისუფლება თუ არა მინიმუმ სასჯელის გადავადება ეკუთვნოდა, თუმცა, ვიდრე აკაკიმ პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას არ მიმართა, ყურადღება ვერავისგან მიიქცია.
საბოლოოდ პროტესტმა შედეგი გამოიღო. 2013 წლის აგვისტოში აკაკი თოხაძეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა, თუმცა მათ ზურგის ტვინის მუდმივად პროგრესირებადი, უმძიმესი ქრონიკული დაავადების მქონე პატიმრის გათავისუფლების ნაცვლად მისთვის მხოლოდ სასჯელის გადავადება მოითხოვეს.
ჯერ კიდევ 2013 წლის 19 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში წერია: "აკაკი თოხაძე ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია, აკაკი თოხაძეს დაუდგინდა დიაგნოზი: სირინგომელია, ქვედა ღრმა პარაპარეზი, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი მოშლით".
ამის შემდეგ, 2014-წლიდან 2018-წლამდე გამოკვლევა ვერ ჩაიტარა, 2019 და 2020 წელს, გაცემულ ყველა საექსპერტო დასკვნაში იცვლება მხოლოდ დასკვნის ნომრები და მისი გაცემის თარიღები, თავად დიაგნოზში კი ექსპერტები, არა თუ რომელიმე სიტყვას, არამედ წერტილ-მძიმესაც არ ცვლიან.
აკაკის ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი, 2012 წლის ამნისტიის შემდეგ მას სასჯელის ზომა გაუნახევრდა. სამი წლიდან ორი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად სახელმწიფო უკვე მერვე წელია მის ფინანსურ და რაც მთავარია ფსიქოლოგიურ ტერორს, პატიმრობაში გასატარებელი წელიწადისა და 14 დღის გამო ეწევა.
მას სახელმწიფოსთვის წელსაც მოუწევს იმის მტკიცება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალო აქვს, ისევ ეტლში ზის და მისი ავადმყოფობის პროგრესირებს საშველი არსაიდან ჩანს.