ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძე დაკითხა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართა. "ეხო კავკაზას" ჟურნალისტის ცნობით, სხდომაზე რამდენიმე მოწმე და თავად გახელაძე დაკითხეს. 

საქართველოს მოქალაქეს "ბრალდება", რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული - 317-ე, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, რომელიც 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და 322-ე მუხლი, რაც "სახელმწიფო საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

გახელაძის "სასამართლოსთან" დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც. სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო "პროცესი" კი დაგეგმილია 25 იანვარს.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. 
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით" 
- აცხადებენ სუს-ში

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ტყვეობიდან მის დახსნას საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი