გელათი ნადგურდება - გამოძიებამ პასუხისმგებელი უწყება ვერ დაადგინა

გამოქვეყნდა:

გასული წლის ოქტომბერში დაწყებულ გამოძიებას - გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებაზე, ამ დრომდე პასუხისმგებელი ორგანო არ გამოუკვეთავს. რატომ ნადგურდება ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა და ვინ უნდა აგოს პასუხი, გელათში, საუკუნოვანი ფრესკების ჩამოშლის გამო? შოთაძის უწყებას განცხადებით დღეს ანა ნაცვლიშვილმა მიმართა, რომელიც ქართული კულტურის ძეგლის განადგურებაში მდუმარე ხელისუფლებას ადანაშაულებს და ითხოვს გამოძიების სწორი კვალიფიკაციით წარმართვას.

ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო. გაპარულმა ხარვეზებმა თავი 2020 წლის დასაწყისში იჩინა. ტაძრის სახურავიდან ჩასულმა წყალმა დააზიანა საუკუნოვანი ფრესკები და საფრთხე შეუქმნა უძვირფასეს სულიერ და მატერიალურ მემკვიდრეობას. გუმბათის გადახურვის სამუშაოების მონიტორინგს "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო" ატარებდა. წარმომადგენელი არ მალავს, რომ სააგენტომ მეთვალყურეობის პროცესი კარგად ვერ შეასრულა და ხარვეზებიც გაეპარა.

პრობლემები იკვეთება, როგორც საპროექტო დოკუმენტაციაში, ასევე კრამიტის ხარისხსა და დაგების ტექნოლოგიებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრია". ცენტრის ხელმძღვანელი გაპარულ შეცდომებს ტექნიკურს უწოდებს, პასუხისმგებელი ორგანოს დასახელებას თავს არიდებს და ამბობს, რომ იმის ნაცვლად ვეძებოთ თუ ვის მიუძღვის ბრალი, სჯობს სიტუაციის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, პრობლემები თანდათანობით კიდევ უფრო იჩენს თავს და მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუციებსა და შემსრულებელ ორგანოებს შეცდომების აღიარებისკენ.

1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსებული გელათის სამონასტრო კომპლექსი რეალური საფრთხის წინაშეა. უცნობია, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის დაზიანების საქმეზე დაიწყებს თუ არა პროკურატურა პასუხისმგებელი პირებისა და სახელმწიფო უწყებების გამოვლენას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი